Binance-ის ფინანსური დირექტორი, კაიზერ ნგი, კრიპტოვალუტის ბირჟას ტოვებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის თანააღმასრულებელმა დირექტორმა, ი ჰემ განაცხადა, რომ ნგის წასვლა მას საშუალებას მისცემს, Binance-ში გატარებული ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ „ახალ წამოწყებას მიჰყვეს“.ოფიციალური განცხადების თანახმად, პოზიციის გადაბარების გეგმა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. აღნიშნული სიახლე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სულ რაღაც ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ ჰაკერებმა Binance-ის მომხმარებლებს 6.3 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოჰპარეს.კიბერშეტევის შემდეგ კომპანიამ რამდენიმე დღით შეაჩერა თანხის გატანის ოპერაციები. ანგარიშების განბლოკვის შემდეგ, პირველივე საათებში მომხმარებლებმა პლატფორმიდან ჯამში 3.6 მილიარდი დოლარი გაიტანეს. Binance და გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მომხდარში ჩრდილოეთ კორეულ დაჯგუფებას, სახელწოდებით TraderTraitor-ს ადანაშაულებენ.კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ ყველა ზარალს სრულად დაფარავს. მათი განცხადებით, „Binance საკუთარ თავზე აიღებს მოპარული სახსრების ფინანსურ გავლენას და ეს დანაკარგები მომხმარებლებს არ გადაეცემათ“. კაიზერ ნგის ფინანსური დირექტორის პოსტზე ჯასტინ იეკი შეცვლის.