აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის 50,000 დოლარამდე ღირებულების აქციები შეიძინა. ფინანსური დეკლარაციის თანახმად, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, ტრანზაქცია 23 ივნისს, კომპანიის რეკორდული პირველადი საჯარო შეთავაზებიდან (IPO) ორი კვირის შემდეგ განხორციელდა.ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ფასად შეიძინა ტრამპმა აქციები, თუმცა იმ დროისთვის მათი ღირებულება უკვე ჩამოსცდენოდა პიკურ მაჩვენებელს — 200 დოლარს. 23 ივნისისთვის SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა დაახლოებით 150 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობდა. ორშაბათის სავაჭრო დღის ბოლოს კი აქციების ფასი IPO-ს საწყის ნიშნულზე, 135 დოლარზე დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინვესტიცია, შესაძლოა, ამჟამად წამგებიანი იყოს.მიუხედავად გასულ ზაფხულს მომხდარი ხანმოკლე უთანხმოებისა, ტრამპსა და მასკს შორის მჭიდრო კავშირი ნარჩუნდება. კონფლიქტი მაშინ ბიზნესმენის მხრიდან პრეზიდენტის დადანაშაულებას უკავშირდებოდა — მასკი ამტკიცებდა, რომ ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტისგან ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებს მალავდა, რადგან მათში თავად პრეზიდენტის სახელი ხშირად ფიგურირებდა.Wall Street Journal-ის ბოლოდროინდელი ანალიზის თანახმად, SpaceX სულ უფრო მეტ სამთავრობო კონტრაქტს იღებს და სარგებლობს ტრამპის ადმინისტრაციის დერეგულაციის პოლიტიკით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, დევის ინგლმა Reuters-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის საფონდო პორტფელს მესამე მხარე — ფინანსური ინსტიტუტები მართავენ და ის ისეთ აღიარებულ ინდექსებს იმეორებს, როგორიცაა Schwab 1000.აღსანიშნავია, რომ SpaceX-ი აქტიურად ლობირებდა პოპულარულ ინდექსებს, რათა მათ წესები შეეცვალათ და კომპანია IPO-ს შემდეგ სიაში უფრო სწრაფად მოხვედრილიყო. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ფლობდეს კომპანიის აქციებს ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არც კი ჰქონდეს.