ელონ მასკის კომპანიებმა X-მა და xAI-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს Apple-ისა და OpenAI-ს წინააღმდეგ, რომელშიც მათ კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. სარჩელის თანახმად, Apple-მა თავისი სმარტფონების მონოპოლიის შესანარჩუნებლად ძალები გააერთიანა OpenAI-სთან, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების ბაზარზე მონოპოლისტად მიიჩნევა.
სასამართლო დავა უკავშირდება Apple-ისა და OpenAI-ს პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ChatGPT-ის ინტეგრაცია Apple-ის სისტემებში. ეს არის მორიგი დაპირისპირება მასკსა და სემ ალტმანს შორის, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებენ ერთმანეთს.
მასკი, რომელიც თავის დროზე OpenAI-ს თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო, ასევე ცდილობს სასამართლოს გზით შეაჩეროს კომპანიის მომგებიან ორგანიზაციად გარდაქმნა. მან ასევე წარადგინა არასასურველი შეთავაზება OpenAI-ს შესყიდვაზე 97.4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა.
სოციალურ ქსელ X-ზე მასკმა ადრეც გამოთქვა ბრალდებები OpenAI-სა და Apple-ის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ „შეუძლებელია OpenAI-ს გარდა რომელიმე სხვა AI კომპანიამ მიაღწიოს პირველ ადგილს App Store-ში". Apple-ისა და OpenAI-ს თანამშრომლობა გასული წლის ივნისში გამოცხადდა, ხოლო ერთობლივი ფუნქციების გაშვება დეკემბერში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ Apple-სა და OpenAI-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით.



