გარემოსდაცვით აქტივისტს, ერინ ბროკოვიჩს, ახალი მისია აქვს: მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესში მეტი გამჭვირვალობის მიღწევა და იმ გავლენის შესწავლა, რომელსაც ეს ობიექტები ადგილობრივ თემებზე ახდენენ. ბროკოვიჩმა, რომლის როლსაც Pacific Gas & Electric-ის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავის შესახებ გადაღებულ ფილმში ჯულია რობერტსი ასრულებს, ცოტა ხნის წინ ვებგვერდი აამოქმედა, სადაც აშშ-ის მასშტაბით მონაცემთა ცენტრების რუკაა წარმოდგენილი.

ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რუკა „დამუშავების პროცესშია“ და მასში ის მონაცემთა ცენტრებია შეტანილი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. Substack-ის პოსტში ბროკოვიჩმა აღნიშნა, რომ აპრილში მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ანგარიშების შეგროვების დაწყების შემდეგ, მხოლოდ პირველ თვეში თითქმის 4 000 განაცხადი მიიღო.

„ყველაზე გავრცელებული საწუხარი — იმაზე მეტად, ვიდრე ხმაური, წყლის მოხმარება ან კომუნალური გადასახადების ზრდაა — არის ერთი სიტყვა, რომელიც ყოველ მეორე განაცხადში მეორდება: გამჭვირვალობა“, — წერს აქტივისტი.

ბროკოვიჩმა დაამატა, რომ ის არ გამოდის „მონაცემთა ცენტრების ან ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ“, არამედ აკრიტიკებს იმ ტენდენციას, რომელსაც მისი რუკა ასახავს: პროექტების დაანონსება მხოლოდ ნებართვების მოპოვების შემდეგ ხდება, დეველოპერები ზარებს არ პასუხობენ, ხოლო ადგილობრივი ჩინოვნიკები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებებს (NDA) მანამ აწერენ ხელს, სანამ მოსახლეობა პროექტის განხილვის შესახებაც კი შეიტყობს.