Hachette Book Group-მა განაცხადა, რომ აღარ გამოსცემს რომანს სახელწოდებით „Shy Girl“. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ტექსტის გენერირებისთვის ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. ნაწარმოების გამოქვეყნება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა.
გამომცემლობამ წიგნის გავრცელება გაერთიანებულ სამეფოშიც შეწყვიტა, სადაც ის უკვე ხელმისაწვდომი იყო მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Hachette-ის განცხადებით, გადაწყვეტილება ტექსტის დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღეს, GoodReads-ისა და YouTube-ის მომხმარებლები მანამდეც აქტიურად მსჯელობდნენ იმაზე, რომ წიგნი, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. The New York Times-ის ინფორმაციით, მათ გამომცემლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მიმართეს.
ავტორი მია ბალარდი (Mia Ballard) The New York Times-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში კატეგორიულად უარყოფს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ის მომხდარში ნაცნობს ადანაშაულებს, რომელიც წიგნის თავდაპირველი, დამოუკიდებლად გამოცემული ვერსიის რედაქტირებისთვის დაიქირავა. ბალარდმა აღნიშნა, რომ აპირებს სამართლებრივი გზით იდავოს და დასძინა, რომ შექმნილი სკანდალის გამო მისი რეპუტაცია შეილახა, ფსიქიკური მდგომარეობა კი უკიდურესად დამძიმდა იმ ქმედების გამო, რომელიც მას პირადად არ ჩაუდენია.
მწერალმა ლინკოლნ მიშელმა და ინდუსტრიის სხვა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე: აშშ-ის გამომცემლობები იშვიათად ახორციელებენ მასშტაბურ რედაქტირებას იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც მათ უკვე გამოქვეყნებული სახით შეიძინეს.