კალიფორნიაში, შასტას მთაზე სამი მოლაშქრე გადაარჩინეს, რომლებიც ექსპედიციის დასაგეგმად Google-ის ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს იყენებდნენ. Chicago Tribune-ის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ანგარიში სისკიუს ოლქის შერიფის ოფისმა გაავრცელა.

დოკუმენტის თანახმად, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ლაშქრობაში დილის 3 საათზე გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაშქრეებს აფრთხილებენ, მწვერვალამდე მიუღწევლობის შემთხვევაშიც კი შუადღისას უკან მობრუნდნენ, ჯგუფმა მწვერვალს მხოლოდ საღამოს 7 საათზე მიაღწია.

სამეულმა დაღამებისას უკან დაბრუნება სცადეს, თუმცა გზა აებნათ და შერიფის ოფისს მიმართულების საკითხავად დაუკავშირდნენ. მათ ღამე მად-კრიკის კანიონში გაატარეს, მეორე დილით კი ისინი სატყეო სამსახურის რეინჯერებმა და მოხალისეებმა გადაარჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, რამდენად დიდია Gemini-ს პასუხისმგებლობა ამ არასწორ გადაწყვეტილებებში, შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მოლაშქრეებს იმაზე გაცილებით ნაკლები საკვებისა და წყლის წაღება ურჩია, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებოდათ. ეს განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც დაგეგმილი 8-საათიანი ლაშქრობა მრავალდღიან განსაცდელად იქცა.

„მგზავრობის წინ ყოველთვის მიზანშეწონილია დაუკავშირდეთ აშშ-ის სატყეო სამსახურის (USFS) შასტას მთის რეინჯერთა ადგილობრივ სადგურს ყველაზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად. არასოდეს დაეყრდნოთ მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს თქვენი მოგზაურობის დაგეგმვისას“, — ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.