Polymarket-მა პლატფორმიდან წაშალა ფსონები, რომლებიც ირანში ჩამოგდებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წევრების გადარჩენის თარიღის პროგნოზირებას ეხებოდა. აღნიშნულ ფაქტს დემოკრატი კონგრესმენის, სეთ მოულტონის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.პარასკევს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ სამხედროები შესაძლოა ნებისმიერი მოქალაქის მეზობლები, მეგობრები ან ოჯახის წევრები იყვნენ, მათ გადარჩენაზე ფსონების დადება კი „ამაზრზენ“ ქმედებად შეაფასა. მოგვიანებით, კვირა დილით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე სამხედრო პირი, შეიარაღების სისტემების ოფიცერი, უკვე გადარჩენილია.სეთ მოულტონმა Polymarket-ს „დისტოპიური სიკვდილის ბაზარი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის ერთ-ერთი ინვესტორი დონალდ ტრამპ უმცროსია. გარდა ამისა, კონგრესმენმა საკუთარ თანამშრომლებს აუკრძალა ისეთ საპროგნოზო ბაზრებში მონაწილეობა, როგორიცაა Polymarket-ი და Kalshi.კომპანია Polymarket-მა კრიტიკას ოპერატიულად უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბაზარი „დაუყოვნებლივ“ გააუქმა, რადგან ის კომპანიის კეთილსინდისიერების სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. „ეს ფსონი საერთოდ არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ჩვენ ვიკვლევთ, როგორ მოხდა ამ შემთხვევის გამოპარვა შიდა უსაფრთხოების მექანიზმებიდან“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ Polymarket-ზე მანამდეც ფიქსირდებოდა ასეულობით მილიონი დოლარის ბრუნვა ისეთ კონტრაქტებზე, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის შესაძლო დაბომბვას უკავშირდებოდა.