Scribe 1.3 მილიარდი დოლარის შეფასებით ახალ ინვესტიციას იზიდავს, რათა კომპანიებს AI-ის სწორად გამოყენებაში დაეხმაროს
სტარტაპმა Scribe-მა $75 მილიონი მოიზიდა. კომპანია ახალ პლატფორმას ქმნის, რომელიც ბიზნესს აჩვენებს, სად არის ავტომატიზაცია და AI ყველაზე მომგებიანი.

სტარტაპმა Scribe-მა, რომელიც საწარმოებს სამუშაო პროცესების დოკუმენტირებაში ეხმარება, 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის შეფასებამ 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. C სერიის დაფინანსების რაუნდს საინვესტიციო კომპანია StepStone უძღვებოდა, არსებულ ინვესტორებთან ერთად, როგორებიც არიან Amplify Partners, Redpoint Ventures, Tiger Global, Morado Ventures და New York Life Ventures.
ახალი კაპიტალი Scribe Optimize-ის, ახალი პლატფორმის გასაშვებად იქნება მიმართული. მისი მიზანია, საწარმოებში არსებული სამუშაო პროცესების რუკაზე დატანა და იმ სფეროების გამოვლენა, სადაც ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი რეალურ სარგებელს მოიტანს და არა უბრალოდ დამატებითი ხარჯი გახდება. კომპანიის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენიფერ სმითის თქმით, ეს დაფინანსება კომპანიამ B სერიის რაუნდიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მიიღო, თუმცა წინა, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის დიდი ნაწილი ხუთი წლის სტარტაპს ჯერაც არ გამოუყენებია.
ბევრი კომპანია აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, თუმცა, სმითის განმარტებით, უმრავლესობამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი არ იცის: „რითი დავიწყოთ ავტომატიზაცია?“ მისი თქმით, კომპანიები ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ინტერვიუებით, ვორქშოფებით ან კონსულტანტების დაქირავებით ცდილობენ, რაც თვეებს მოითხოვს და მაინც ვერ ასახავს სრულ სურათს, თუ რას აკეთებენ თანამშრომლები ყოველდღიურად.
„თუ ზუსტად არ იცი, როგორ სრულდება სამუშაო, ძალიან რთულია იმის გაგება, სად შეიძლება მისი გაუმჯობესება, ავტომატიზაცია ან ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენება“, — ამბობს სმითი. „Scribe Optimize სწორედ ამ კითხვას პასუხობს. ის აანალიზებს სამუშაო პროცესებს, რათა დაადგინოს, რას აკეთებენ ადამიანები სამსახურში, და შემდეგ ამ მონაცემებს ერთიან პლატფორმაზე წარმოადგენს, სადაც ნაჩვენებია კონკრეტული პროცესები, მათი სიხშირე, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები“.
Scribe 2019 წელს ჯენიფერ სმითმა და აარონ პოდოლნმა (ტექნიკური დირექტორი) დააარსეს, გენერაციული AI-ის ბუმამდე. კომპანიის ამჟამინდელი ფლაგმანი პროდუქტი, Scribe Capture, ავტომატურად აფიქსირებს სამუშაოს შესრულების პროცესს. როდესაც მომხმარებელი ბრაუზერის გაფართოების ან დესკტოპ აპლიკაციის გამოყენებით ასრულებს დავალებას, Capture ქმნის ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას ტექსტითა და ეკრანის სურათებით.
ამ ინსტრუქციების გაზიარება კოლეგებისთვის ან შიდა ინსტრუმენტებში ინტეგრირება შესაძლებელია, რაც ამცირებს განმეორებით კითხვებს, შეცდომებს და აჩქარებს ახალი თანამშრომლების ადაპტაციას. სტარტაპის მონაცემებით, Scribe Capture-ის მომხმარებლები თვეში ერთ ადამიანზე 35-დან 42 საათამდე ზოგავენ, ხოლო ახალი კადრების პროდუქტიულობა 40%-ით უფრო სწრაფად იზრდება.
პროცესების დოკუმენტაციის ბაზარზე ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც არიან Tango, Iorad, UserGuiding და Spekit. მიუხედავად ამისა, სმითი აცხადებს, რომ Scribe-ის მთავარი კონკურენტი არსებული სტატუს-კვოა, ანუ პროცესების ხელით აღრიცხვა. „ადამიანები დღემდე წამზომით სხედან სხვის უკან, რათა გაიგონ, როგორ მუშაობს ესა თუ ის პროცესი. ირონიულია, რომ AI აგენტების დანერგვის პროცესიც კი წარმოუდგენლად მანუალურია“, — აღნიშნავს ის.
დღეისათვის Scribe-ს 40,000 სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში 10 მილიონზე მეტი სამუშაო პროცესი აქვს დოკუმენტირებული. სტარტაპის განცხადებით, მას 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მისი სერვისებით Fortune 500-ის კომპანიების 94%-ში არსებული გუნდები სარგებლობენ. ფასიანი მომხმარებლების რაოდენობა 78,000 ორგანიზაციას შეადგენს, რომელთა შორისაა New York Life, T-Mobile, LinkedIn, Hubspot და Northern Trust.
„მომხმარებლები Scribe-ს ირჩევენ არა იმიტომ, რომ ამას უფროსი ავალებს, არამედ იმიტომ, რომ თავად სურთ“, — ამბობს სმითი. „ყველაფერი საბოლოო მომხმარებლით იწყება, შემდეგ ვრცელდება გუნდის, დეპარტამენტის და ცენტრალური რგოლის დონეზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცოდნის მასშტაბირებითა და პროცესების გაუმჯობესებით“.
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპისთვის აშშ-ის შემდეგ უმსხვილესი ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ევროპა. კომპანიის შემოსავლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა, თუმცა კონკრეტული ციფრები არ სახელდება. ამასთან, მისი შეფასება წინა რაუნდის შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა. ამჟამად კომპანიაში 120 თანამშრომელია და იგეგმება მათი რიცხვის გაორმაგება მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მსგავსი სტატიები

იაპონურმა AI სტარტაპმა Sakana AI-მ $135 მილიონი მოიზიდა და $2.65 მილიარდად შეფასდა
ტოკიოში დაფუძნებულმა სტარტაპმა Sakana AI-მ, რომელიც იაპონურ ენასა და კულტურაზე მორგებულ AI მოდელებს ქმნის, $135 მილიონის დაფინანსება მოიპოვა.

სტარტაპი Bone AI $12 მილიონს იზიდავს, რათა აზიის თავდაცვის გიგანტებს ხელოვნური ინტელექტის რობოტექნიკით დაუპირისპირდეს
სტარტაპი Bone AI $12 მილიონს იზიდავს, რათა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმით სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიაში ინოვაციური გარღვევა მოახდინოს.

მონაცემთა ცენტრები ნავთობზე მეტ ინვესტიციას იზიდავს: რა ენერგიით იმუშავებს AI-ის მომავალი?
წელს მონაცემთა ცენტრებში უფრო მეტი თანხა ჩაიდება, ვიდრე ნავთობის ახალი საბადოების ძიებაში. როგორ იმოქმედებს AI ბუმი ენერგოსისტემებსა და კლიმატზე?