მომღერალსა და მსახიობ სელენა გომესსა და მის დედას მენტალური ჯანმრთელობის პლატფორმა Wondermind-თან დაკავშირებით სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელეები, რომლებმაც სტარტაპში თითქმის 1.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, გომესს ფასიანი ქაღალდებით თაღლითობასა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სარჩელის მიხედვით, სტარტაპმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ამის შესახებ ინვესტორებს ინფორმაცია არ მიაწოდა. გარდა ამისა, გომესს ბრალად ედება დაპირებული მარკეტინგული კამპანიების განუხორციელებლობა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Forbes-მა გაავრცელა.
Wondermind 2021 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი მომხმარებლებისთვის მენტალური ჯანმრთელობის ყოველდღიური რესურსების მიწოდება იყო. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ინვესტორებისთვის კომპანიის პრობლემების შესახებ ცნობილი მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში გახდა, მას შემდეგ, რაც გამოცემა The Cut-მა ამ თემაზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.
„გომესმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც მას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა, თუმცა შემდეგ ისინი უგულებელყო“, — ნათქვამია საჩივარში. „პარტნიორობები არ არსებობდა. ინიციატივები არასოდეს განხორციელებულა. აპლიკაცია არასოდეს შექმნილა. სამი წლის განმავლობაში, სანამ კომპანია მათ ირგვლივ ჩუმად იშლებოდა, არცერთ დამფუძნებელს, ხელმძღვანელს თუ დირექტორს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ ინვესტორებისთვის, რომელთა ფულითაც ეს კოლაფსი ფინანსდებოდა“.
ინვესტორები ამტკიცებენ, რომ გომესმა და Wondermind-მა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და თავად სელენას ჩართულობის ხარისხი არასწორად წარმოაჩინეს. მოსარჩელეები ინვესტირებული თანხისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ. Wondermind-ს კომენტარის მოთხოვნაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.


