Tinder-ი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლების ფოტოებს გააანალიზებს უკეთესი წყვილების შესარჩევად
Tinder-ი ახალ AI ფუნქციას, Chemistry-ს, ტესტავს, რომელიც მომხმარებლის ფოტოებს გააანალიზებს და კითხვებს დაუსვამს, რათა უფრო თავსებადი პარტნიორები შესთავაზოს.

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ი ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს, რათა შეაჩეროს ფასიანი გამომწერების კლების ტენდენცია, რომელიც უკვე ზედიზედ ცხრა კვარტალია გრძელდება. კომპანია Match Group-მა, რომელიც Tinder-ის მფლობელია, ინვესტორებს განუცხადა, რომ აპლიკაცია ახალ ფუნქციას, სახელწოდებით Chemistry-ს, ტესტავს.
ახალი ფუნქცია მომხმარებლებს კითხვებს დაუსვამს და, მათი ნებართვით, წვდომას მიიღებს ტელეფონის ფოტო გალერეაზე. ამ გზით ხელოვნური ინტელექტი შეეცდება, მეტი გაიგოს ადამიანის ინტერესებისა და პიროვნების შესახებ, რათა მას უფრო თავსებადი პარტნიორები შესთავაზოს. მაგალითად, თუ მომხმარებელს ლაშქრობისას გადაღებული ფოტოები აქვს, სისტემა მას ისეთ ადამიანს შეურჩევს, ვისაც ასევე უყვარს ბუნებაში ყოფნა.
Chemistry-ის საპილოტე ვერსია უკვე გაეშვა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. Match Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სპენსერ რასკოფმა, მას „Tinder-ის 2026 წლის პროდუქტის გამოცდილების მთავარი საყრდენი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ Match-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მომხმარებლის პირად ფოტოებზე წვდომას ითხოვს. გასულ თვეს Meta-მაც წარადგინა ფუნქცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჯერ კიდევ გაუზიარებელი ფოტოების რედაქტირებას სთავაზობს მომხმარებლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ ფუნქციას მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზების მიზნით ნერგავს, ამ ექსპერიმენტს ფინანსური შედეგებიც მოჰყვება. Match Group-ის პროგნოზით, პროდუქტის ტესტირება მეოთხე კვარტალში Tinder-ის პირდაპირ შემოსავალზე 14 მილიონი დოლარის უარყოფით გავლენას მოახდენს. ამ და სხვა ფაქტორების გამო, კომპანიის მეოთხე კვარტლის შემოსავლის პროგნოზი 865-875 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა ანალიტიკოსები 884.2 მილიონ დოლარს ვარაუდობდნენ.
ხელოვნური ინტელექტი Tinder-ში სხვა მიმართულებებითაც გამოიყენება. მაგალითად, სისტემა აფრთხილებს მომხმარებლებს პოტენციურად შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამდე კითხვით: „დარწმუნებული ხართ?“. ასევე, AI ეხმარება მომხმარებლებს პროფილისთვის საუკეთესო ფოტოების შერჩევაში.
ხელოვნური ინტელექტის გარდა, Tinder-ი სხვა სიახლეებსაც ნერგავს მომხმარებლების მოსაზიდად. მათ შორისაა გაცნობის სხვადასხვა „რეჟიმი“, ორმაგი პაემნები, სახის ვერიფიკაცია და განახლებული პროფილები, სადაც ბიოგრაფიული ინფორმაცია პირველივე ფოტოზე ჩანს და კითხვარები ფოტოების კარუსელშია ინტეგრირებული.
ამ ცვლილებების მიუხედავად, Tinder-ი რთული საბაზრო პირობების წინაშე დგას. ახალგაზრდების ნაწილი ონლაინ გაცნობის ნაცვლად რეალურ სამყაროში ურთიერთობებს ამჯობინებს. ამასთან, აშშ-ში ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, მომხმარებლებმა ნაკლები დახარჯონ მსგავს აპლიკაციებში. მესამე კვარტლის მონაცემებით, Tinder-ის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 3%-ით, ხოლო ფასიანი მომხმარებლების რაოდენობა 7%-ით შემცირდა.
თუმცა, მთლიანობაში Match Group-ის ფინანსური მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა მოლოდინებს. კომპანიის შემოსავალი 2%-ით გაიზარდა და 914.2 მილიონი დოლარი შეადგინა (მოსალოდნელი 915 მილიონი დოლარის ფონზე), ხოლო ერთი აქციის მოგებამ 62 ცენტი შეადგინა, რაც თითქმის დაემთხვა ანალიტიკოსების 63-ცენტიან პროგნოზს.
მსგავსი სტატიები

Meta და Prada-ს კოლაბორაცია? მარკ ცუკერბერგის ვიზიტი მილანში AI სათვალეების შესახებ მოლოდინებს ამძაფრებს
მილანის მოდის კვირეულზე მარკ ცუკერბერგის გამოჩენამ Prada-სთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ხმები გააძლიერა. იგეგმება თუ არა ახალი ლუქს-კლასის AI სათვალეების გამოშვება?

Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი პენტაგონის ულტიმატუმის წინაშე პოზიციებს არ თმობს
Anthropic-ის ხელმძღვანელი დარიო ამოდეი უარს აცხადებს პენტაგონისთვის AI სისტემებზე შეუზღუდავი წვდომის მიცემაზე და მასობრივ თვალთვალსა და ავტონომიურ იარაღზე წითელ ხაზებს აწესებს.

ჯეკ დორსიმ Block-ის თანამშრომლების რაოდენობა გაანახევრა და სხვა კომპანიებსაც მსგავსი მომავალი უწინასწარმეტყველა
ჯეკ დორსიმ Block-ში 4000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანია AI-ს მეშვეობით პროცესების ავტომატიზაციას და მცირე გუნდებით მუშაობას გეგმავს.