იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხუთ ქარხანაში 912 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ ნაბიჯის მიზანი ჰიბრიდულ ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოების გაფართოებაა.
აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილების სექტორს ხმარდება, სადაც Toyota ბაზრის ლიდერია, კომპანიის უფრო დიდი გეგმის ნაწილია. ცოტა ხნის წინ ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში 10 მილიარდ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს.
ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც Toyota და მთლიანად საავტომობილო ინდუსტრია ცდილობს, გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის ეფექტებსა და ელექტრომობილებზე ფედერალური საგადასახადო შეღავათების დასრულებას.
კაპიტალი გადანაწილდება Toyota-ს ხუთ ქარხანაზე დასავლეთ ვირჯინიის, კენტუკის, მისისიპისა და მისურის შტატებში. ინვესტიციის ძირითადი მიმართულება ჰიბრიდულ ავტომობილებში გამოყენებული კომპონენტების ახალი საწარმოო ხაზების დამატება იქნება.
თანხის დაახლოებით 125 მილიონი დოლარი მოხმარდება ჰიბრიდულ-ელექტრული Toyota Corolla-ს წარმოების დაწყებას. ეს იქნება ამ მოდელის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აიწყობა.
ინვესტიციის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 453 მილიონი დოლარი, მიემართება დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ბუფალოში მდებარე ქარხნისკენ. ეს თანხა 4-ცილინდრიანი ჰიბრიდთან თავსებადი ძრავების, მეექვსე თაობის ჰიბრიდული ტრანსმისიებისა და უკანა ძრავის კომპონენტების (სტატორების) წარმოების გაფართოებას მოხმარდება.



