ელონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა xAI-მ პარასკევს საღამოს მასშტაბური რეორგანიზაცია განახორციელა და 500 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას Business Insider-ი კომპანიის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის შიდა კომუნიკაციის თანახმად, xAI ახორციელებს „სტრატეგიულ ცვლილებას" და გეგმავს სპეციალიზებული AI ტუტორების მიმართულების გაფართოებას, ზოგადი AI ტუტორების როლის შემცირების ხარჯზე. გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ ზოგადი პროფილის AI ტუტორები არიან.

Business Insider-ის ცნობით, შემცირება შეეხო მონაცემთა ანოტაციის გუნდის დაახლოებით მესამედს. ეს გუნდი პასუხისმგებელი იყო xAI-ის ჩეთბოტ Grok-ის ტრენირებისთვის საჭირო მონაცემების მარკირებასა და მომზადებაზე.

კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter, რომელიც ასევე მასკის მფლობელობაშია) განაცხადა, რომ გეგმავს სპეციალიზებული AI ტუტორების გუნდის 10-ჯერ გაზრდას. xAI აქტიურად ეძებს კადრებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა STEM, ფინანსები, მედიცინა, უსაფრთხოება და სხვა მიმართულებები.