გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Anthropic-მა ინვესტორებს აცნობა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსავლების გაორმაგებას და დაახლოებით 10.9 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. ეს კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან ის პირველად აპირებს საოპერაციო მოგების მიღებას.ასეთი სწრაფი კვარტალური ზრდა Anthropic-ს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს მის მთავარ კონკურენტთან, OpenAI-სთან მიმართებით. თუმცა, WSJ-ის ცნობით, არსებობს ალბათობა, რომ კომპანიამ მომგებიანობა წლის ბოლომდე ვერ შეინარჩუნოს. ამის მიზეზი ის მასშტაბური გამოთვლითი ხარჯებია, რომელთა გაწევაც სტარტაპს უახლოეს პერიოდში მოუწევს.აღნიშნული ფინანსური მონაცემები ინვესტორებს დაფინანსების მორიგი რაუნდის ფარგლებში გაუზიარეს. გასული წლის განმავლობაში Anthropic-ის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან სულ უფრო მეტი პროფესიონალი გამოხატავს სიმპათიას მათი ჩატბოტის — Claude-ის მიმართ.კომპანია აქტიურად მუშაობს მომხმარებელთა ბაზის დივერსიფიკაციაზეც. ამის დასტურია ბოლო პერიოდში დაანონსებული ახალი სერვისები, რომლებიც სპეციალურად მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის შეიქმნა, ასევე ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც იურიდიული ფირმების მუშაობის სპეციფიკაზეა მორგებული.საინტერესოა, რომ ინფორმაცია Anthropic-ის სავარაუდო მომგებიანობის შესახებ ზუსტად იმ დღეს გავრცელდა, როდესაც ცნობილი გახდა OpenAI-ის მიერ IPO-ს (აქციების საჯარო განთავსების) შესაძლო დაწყების შესახებ. თავად Anthropic-ში ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.