კომპანია OpenAI-ის სისტემებში მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა, რომელმაც ერთდროულად იმოქმედა ორ მთავარ პროდუქტზე: ChatGPT-სა და API-ზე. გამოქვეყნების მომენტისთვის, ხარვეზი უკვე სულ მცირე ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა API-ს შეეხო, კონკრეტულად კი მის Batch კომპონენტს. ოფიციალური მონიტორინგის მიხედვით, API-ის თორმეტი კომპონენტიდან სწორედ Batch-ის მუშაობა შეფასდა, როგორც „დაქვეითებული წარმადობის“. პრობლემა 15:54 საათზე დაიწყო და გამოიხატა იმაში, რომ „Batch API-ის სამუშაოების ნაწილი დასრულების ეტაპზე გაიჭედა“.
მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზი უშუალოდ ChatGPT-ის ფუნქციონალს უკავშირდება, სადაც მომხმარებლებს ფაილების ატვირთვისას პრობლემები შეექმნათ. OpenAI-მ ეს შემთხვევა „ნაწილობრივ შეფერხებად“ შეაფასა. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, „ChatGPT-ის დიალოგებში ფაილების ატვირთვა ზოგიერთი მომხმარებლისთვის წარუმატებელია და იწვევს შეცდომის შეტყობინებას, რომ ფაილს ვადა გაუვიდა“. ეს პრობლემა 15:53 საათიდან შეინიშნებოდა.
მოგვიანებით გავრცელდა განახლებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფაილების ატვირთვის ფუნქცია 20:55 საათისთვის სრულად აღდგა. თუმცა, Batch API-სთან დაკავშირებული პრობლემის სტატუსი უცვლელი რჩებოდა.



