Disney-ს გენერალურმა დირექტორმა, ბობ აიგერმა განაცხადა, რომ კომპანიის სამწლიანი სალიცენზიო პარტნიორობა OpenAI-სთან ექსკლუზიური მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, Disney-ს შეეძლება ანალოგიური ხელშეკრულებები სხვა ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთანაც გააფორმოს.
გასულ კვირას გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, OpenAI-ს ვიდეო გენერატორ Sora-ში Disney-ს საკულტო პერსონაჟები ინტეგრირდება. OpenAI-ს მომხმარებლებს შეეძლებათ კონტენტის შესაქმნელად გამოიყენონ Disney-ს, Marvel-ის, Pixar-ისა და Star Wars-ის 200-ზე მეტი პერსონაჟი. ამ ეტაპზე, OpenAI ერთადერთი AI-პლატფორმაა, რომელსაც ამის გაკეთების ლეგალური უფლება აქვს.
Disney-სთვის ეს გარიგება ერთგვარი საცდელი პლატფორმაა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან და საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებით. კომპანიას სურს, შეაფასოს OpenAI-სთან თანამშრომლობის შედეგები, სანამ სხვა პოტენციურ პარტნიორებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.
„კაცობრიობის არცერთ თაობას არ შეუშლია ხელი ტექნოლოგიური პროგრესისთვის და არც ჩვენ ვაპირებთ ამას“, - განუცხადა აიგერმა CNBC-ს. „ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ თუ რამე უნდა მოხდეს, მათ შორის ჩვენი ამჟამინდელი ბიზნეს მოდელების რღვევაც, მაშინ ამ პროცესში ჩვენც უნდა ჩავერთოთ“.
საინტერესოა, რომ OpenAI-სთან გარიგების გამოცხადების დღეს, Disney-მ Google-ს საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებით ოფიციალური გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა. Google-ს არც დაუდასტურებია და არც უარყვია Disney-ს ბრალდებები, თუმცა განაცხადა, რომ კომპანიასთან „დიალოგს დაიწყებს“.



