გამელოტების გეშინიათ? ამისთვის ხელოვნური ინტელექტი არსებობს
ფრანგმა მეწარმემ შექმნა AI აპლიკაცია, რომელიც თმის ცვენის დიაგნოსტირებას ახდენს და მომხმარებლებს სანდო სპეციალისტებთან აკავშირებს.

ფრანგი მეწარმის, სირიაკ ლეფორტისთვის, ახალი სტარტაპის, MyHair AI-ის შექმნის იდეა ორი წლის წინ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სალონში გაჩნდა. სტილისტმა მას უთხრა, რომ თმის ცვენა ეწყებოდა, რამაც 32 წლის ლეფორტი დააფიქრა. „ეს ჩემ გვერდით მჯდომ მეგობარს კი არა, მხოლოდ მე მითხრა“, — იხსენებს ის. მიუხედავად იმისა, რომ თავად ასე არ ფიქრობდა, სტილისტის მიერ შეთავაზებული შამპუნი მაინც შეიძინა.
ამ შემთხვევამ ლეფორტი დაარწმუნა, რომ თმის ცვენის შიშით მანიპულირება და ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა ძალიან მარტივია. „თმის ცვენა უკიდურესად ემოციური თემაა როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის“, — ამბობს ის. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა, თუ რამდენად დამაბნეველი და დეზინფორმაციით სავსეა თმის მოვლის ინდუსტრია, სადაც კლინიკებს ხშირად გადაუმოწმებელი შეფასებები აქვთ. მოგვიანებით, ექიმმა დაუდასტურა, რომ მას თმის ცვენის პრობლემა სულაც არ ჰქონდა.
სწორედ ამ გამოცდილების შემდეგ, ლეფორტმა, რომელიც უკვე რამდენიმე კომპანიას მართავდა, თავის პარტნიორთან, 28 წლის ტილენ ბაბნიკთან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მამაკაცებს თმის ცვენის დიაგნოსტირებაში დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა MyHair AI, რომლის პროტოტიპიც მათ სულ რამდენიმე კვირაში ააწყვეს.
აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია: მომხმარებლები თავის რამდენიმე ფოტოს ტვირთავენ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს. ტექნოლოგია ზომავს თმის სიმჭიდროვეს და ამოიცნობს თმის ცვენის ადრეულ ნიშნებს. დროთა განმავლობაში, ახალი ფოტოების დამატებით, AI თმის მდგომარეობის ცვლილებას აკვირდება და მომხმარებელს პერსონალიზებული მოვლის რუტინის შექმნაში ეხმარება.
პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ იპოვონ სპეციალისტები და კლინიკები, წაიკითხონ გადამოწმებული შეფასებები და თავიდან აიცილონ თაღლითობა. „ჩვენი AI გეუბნებათ, რა ხდება სინამდვილეში თქვენს თმაზე, გირჩევთ პროდუქტებს თქვენი თმის ტიპის მიხედვით და გიხსნით მათ მეცნიერულ მოქმედებას, შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩათვლით“, — განმარტავს ლეფორტი.
ლეფორტის თქმით, მათი მიზანია 50-მილიარდიან ბაზარზე გამჭვირვალობისა და სამედიცინო სიზუსტის შემოტანა, რაც სრულად შეცვლის ადამიანების წარმოდგენას თმის ჯანმრთელობაზე. კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა და უკვე 1000-ზე მეტი ფასიანი გამომწერი და 200,000-მდე მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციამ 300,000-ზე მეტი ფოტო გააანალიზა და კლინიკებთან პარტნიორობს, რათა სპეციალისტებმა პაციენტების შეფასება უფრო სწრაფად შეძლონ.
MyHair AI-ის მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან, მაგალითად Hims-თან შედარებით, არის სპეციალიზებული AI მოდელი, რომელიც 300,000-ზე მეტ თმის ფოტოზეა გაწვრთნილი და არა ზოგად ენობრივ მოდელს ეფუძნება. ცოტა ხნის წინ კომპანიის საბჭოს ცნობილი დერმატოლოგი, დოქტორი ტესი შეუერთდა.
კომპანია ახლა გაფართოებაზეა ორიენტირებული და გეგმავს შექმნას ჯავშნების პლატფორმა და ითანამშრომლოს მეტ კლინიკასთან. „მამაკაცებს ჯანმრთელობის კუთხით ორი რამ აწუხებთ: სექსუალური დისფუნქცია და თმის ცვენა. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყოველდღიურ საზრუნავს ვეხმაურებით“, — ამბობს ლეფორტი.
მსგავსი სტატიები

KPMG-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ მომზადებული ანგარიში სავარაუდო „ჰალუცინაციების“ გამო წაშალა
KPMG-მ წაშალა ანგარიში AI-ის შესახებ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დოკუმენტი მცდარ ინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ „ჰალუცინაციებს“ შეიცავდა.

Meta პეკინის მოთხოვნით $2-მილიარდიან გარიგებას აუქმებს და AI სტარტაპ Manus-ს გამოეყოფა
Meta პეკინის მოთხოვნით $2-მილიარდიან გარიგებას აუქმებს და AI სტარტაპ Manus-თან კავშირს წყვეტს, რაც ჩინეთის მხრიდან ტექნოლოგიურ სექტორზე კონტროლის გამკაცრებაზე მიუთითებს.

Anthropic-ის მიერ ახალ მოდელებზე წვდომის შეჩერება: ინდოეთი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მომავალზე მსჯელობს
Anthropic-ის გადაწყვეტილებამ, აშშ-ის მთავრობის მითითებით შეზღუდოს წვდომა უახლეს AI მოდელებზე, ინდოეთში ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და სუვერენული ხელოვნური ინტელექტის შესახებ დებატები გაამწვავა.