მრავალი საინფორმაციო წყაროს ცნობით, Google-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს (პენტაგონს) გასაიდუმლოებულ ქსელებში საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ყველა კანონიერ გამოყენებას უშვებს და მოჰყვება კომპანია Anthropic-ის მიერ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ანალოგიურ პირობებზე ნათქვამ უარს.პენტაგონი ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავ გამოყენებას ითხოვდა, მაშინ როცა Anthropic-ს სურდა დაეწესებინა დამცავი მექანიზმები, რათა თავიდან აეცილებინა ტექნოლოგიის გამოყენება შიდა მასობრივი თვალთვალისა და ავტონომიური იარაღის შესაქმნელად. იმის გამო, რომ Anthropic-მა ამ პირობებზე უარი განაცხადა, თავდაცვის დეპარტამენტმა მოდელის შემქმნელს „მიწოდების ჯაჭვის რისკის“ სტატუსი მიანიჭა — აღნიშვნა, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ უცხოური მოწინააღმდეგეებისთვისაა განკუთვნილი.ამჟამად Anthropic და თავდაცვის დეპარტამენტი სასამართლო დავაში იმყოფებიან. გასულ თვეში მოსამართლემ Anthropic-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის დასრულებამდე აღნიშნული სტატუსის გამოყენება დროებით შეაჩერა. Google უკვე მესამე მსხვილი კომპანიაა, რომელიც Anthropic-ის მიერ დატოვებული ნიშის დაკავებას და საკუთარი სარგებლის მიღებას ცდილობს. მანამდე პენტაგონთან ხელშეკრულებები OpenAI-მ და xAI-მ დაუყოვნებლივ გააფორმეს.The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Google-ის შეთანხმება შეიცავს გარკვეულ პუნქტებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია არ გეგმავს თავისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შიდა მასობრივი თვალთვალისთვის ან ავტონომიურ იარაღში. მსგავსი ჩანაწერი OpenAI-ის კონტრაქტშიც არსებობს, თუმცა, გამოცემის თანახმად, გაურკვეველია, რამდენად აქვს ამ დებულებებს იურიდიული ძალა ან როგორ მოხდება მათი აღსრულება.აღსანიშნავია, რომ Google-მა ეს ნაბიჯი 950 თანამშრომლის წინააღმდეგობის მიუხედავად გადადგა. თანამშრომლებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც კომპანიას მოუწოდებდნენ, მიებაძა Anthropic-ისთვის და არ მიეყიდა ხელოვნური ინტელექტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის შესაბამისი დამცავი მექანიზმების გარეშე. თავად Google-ს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.