ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Jaguar Land Rover-მა დაადასტურა, რომ კიბერშეტევის შედეგად კომპანიის მონაცემების გარკვეული ნაწილი მოიპარეს. შეტევამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საწარმოო პროცესი და გამოიწვია ავტომობილების აწყობის ხაზების გაჩერება.
კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ინციდენტმა სერიოზული ზიანი მიაყენა არა მხოლოდ წარმოებას, არამედ გაყიდვების ოპერაციებსაც. ამასთან, პრობლემები შეექმნა მიწოდების ჯაჭვს და ავტომობილების შეკეთების სერვისებს.
ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები ვალდებულნი არიან მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შესახებ საინფორმაციო კომისარის ოფისს სამი დღის ვადაში შეატყობინონ. ჯერჯერობით უცნობია, მოპარული ინფორმაცია ეხება თავად კომპანიას, მის თანამშრომლებს თუ მომხმარებლებს.
Jaguar Land Rover, რომელიც ბრიტანეთში 33,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, კიბერშეტევის შესახებ პირველად 2 სექტემბერს აცნობა საზოგადოებას. ბრიტანული მედიის ცნობით, სამთავრობო წრეები შეშფოთებულნი არიან ინციდენტის შესაძლო ეკონომიკური შედეგებით და ვარაუდობენ, რომ აღდგენის პროცესი კვირეებს გასტანს.



