Lambda, ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი სერვისების კომპანია, რომელიც გამოთვლით ჩიპებს ყიდულობს და შემდგომ მათ ბიზნესებზე აქირავებს, 1 მილიარდი დოლარის მოცულობის კერძო, მოკლევადიან სესხს იღებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური რესურსი Nvidia-ს AI ჩიპების შესაძენად არის განკუთვნილი, რომლებსაც კომპანია შემდგომში Microsoft-ზე გააქირავებს.JP Morgan Chase-ის მიერ ორგანიზებული გარიგების პირობები მიუთითებს, რომ Lambda დარწმუნებულია ჩიპების სწრაფად დანერგვასა და მათგან შემოსავლების გენერირებაში. ეს სტრატეგია კომპანიას საშუალებას მისცემს, მიღებული ფულადი ნაკადებით აღებული დავალიანება საკმაოდ მოკლე ვადებში დაფაროს.ეს არის Lambda-ს მიერ კონკრეტული კლიენტებისთვის GPU ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად აღებული მორიგი სესხი. მაისში კომპანიამ 1 მილიარდი დოლარის უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი დახურა, ხოლო მიმდინარე კვირას გამოაცხადა 926 მილიონი დოლარის მოცულობის სესხის შესახებ. ეს უკანასკნელი Nvidia GB300 მოდელის GPU-ების (Nvidia-ს ერთ-ერთი უახლესი ჩიპი) შესაძენად არის გამიზნული, რომელთა მიწოდებაზეც კომპანიას უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი.1 მილიარდი დოლარის მოცულობის კერძო სესხის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ Lambda 3 მილიარდი დოლარის მოცულობის pre-IPO (აქციების საჯარო განთავსებამდე) რაუნდზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. PitchBook-ის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში კომპანიამ ვენჩურული კაპიტალის სახით 1.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება 5.43 მილიარდ დოლარად შეფასდა.Lambda არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმის დასაფინანსებლად სესხებს იყენებს. Bloomberg-ის მიერ მომზადებული მონაცემების თანახმად, 2026 წელს (მიმდინარე პერიოდის ჩათვლით) ბანკებმა და ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გლობალურად 400 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის AI-სთან დაკავშირებული დავალიანება აიღეს.