Meta-მ ცოტა ხნის წინ განაახლა კომერციული გამოყენების პირობები, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შეეძლო ბიზნეს ანგარიშების დომენებიდან, ვებგვერდებიდან ან URL-ებიდან ნებისმიერი კონტენტის გამოყენება. ეს ფორმულირება გულისხმობდა მონაცემების გამოყენებას Meta-ს პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად, განსავითარებლად, გასაუმჯობესებლად, კვლევისთვის, ტრენინგისთვის და მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად.

Nieman Lab-თან ინტერვიუში იურიდიულმა ექსპერტებმა ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც „განსაკუთრებული დებულება“. მათი განმარტებით, აღნიშნული პუნქტი Meta-ს აძლევდა უფლებას, ნებისმიერი იმ გამომცემლის ვებგვერდიდან მოეპოვებინა (scrape) ინფორმაცია, რომელსაც Meta-ს ბიზნეს ანგარიში ჰქონდა, და შემდგომ ეს კონტენტი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად გამოეყენებინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Meta-მ საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული გახმაურებული სასამართლო დავა მოიგო. მიუხედავად ამისა, სხვა სამართლებრივი დავები ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელი კომპანიების, მათ შორის Meta-ს წინააღმდეგ, კვლავ აქტიურ ფაზაშია.

თავდაპირველად Meta-ს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ განახლებული პირობები არ ასახავდა ცვლილებას იმ მეთოდებში, რომლებითაც კომპანია ინტერნეტში ინფორმაციას აგროვებს. თუმცა, გამოცემა The Verge-ის ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული პუნქტი გამოყენების პირობებიდან უკვე ამოღებულია.

„ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრებები და გვსურს განვმარტოთ: კონტენტის მოპოვების (crawling) გაერთიანებული პირობები მხოლოდ ჩვენს სარეკლამო და ბიზნეს პროდუქტებს ეხებოდა. ეს დაზუსტება თავად პირობებშიც შევიტანეთ“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Meta-ში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ცვლილება არ ცვლის იმას, თუ როგორ იყენებს კომპანია ვებ-კრაულერებს (web crawlers) ინფორმაციის მოსაპოვებლად.