კომპანია Microsoft-მა დაადასტურა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Copilot-ი, 15 იანვრიდან პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ში ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამ თარიღის შემდეგ, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ AI-თან კომუნიკაციას აპლიკაციის საშუალებით და სერვისით სარგებლობისთვის Microsoft-ის ოფიციალურ მობილურ აპლიკაციებზე ან ვებ-ვერსიაზე გადასვლა მოუწევთ.

Microsoft-ის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება WhatsApp-ის განახლებულ პლატფორმის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოსვლის აუცილებლობითაა განპირობებული, რომელიც გასულ თვეს გამოცხადდა. Meta-ს მფლობელობაში მყოფმა მესენჯერმა განაცხადა, რომ ის აღარ დაუჭერს მხარს ზოგადი დანიშნულების AI ჩატბოტების მიერ WhatsApp Business API-ის გამოყენებას მომხმარებელთა მომსახურებისთვის.

WhatsApp-ის მიზანია, აღნიშნული რესურსები სხვა ტიპის ბიზნესებისთვის შეინარჩუნოს. ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ კომპანიებს ეკრძალებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკუთარი მომხმარებლების მოსამსახურებლად, თუმცა წერტილს უსვამს WhatsApp-ის, როგორც AI ჩატბოტების სადისტრიბუციო არხად გამოყენებას. ეს პოლიტიკა გავლენას მოახდენს Microsoft-ის გარდა ისეთ კომპანიებზეც, როგორებიცაა OpenAI და Perplexity, ამასთან, OpenAI-მ უკვე იანვარში გამოაცხადა WhatsApp-თან ინტეგრაციის შეწყვეტის გეგმების შესახებ.

Copilot-ის მომხმარებლებისთვის WhatsApp-ზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩატების ისტორია Microsoft-ის პლატფორმაზე გადასვლისას არ შეინახება. ამის მიზეზი ისაა, რომ WhatsApp-ში ჩატბოტზე წვდომა არაავთენტიფიცირებული იყო. Microsoft-ი ურჩევს მომხმარებლებს, რომლებსაც საუბრების შენახვა სურთ, 15 იანვრის ვადამდე მათი ექსპორტი WhatsApp-ის ჩაშენებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდინონ.