OpenAI-ის შემოსავალი 13 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტია — სემ ალტმანის პასუხი კრიტიკოსებს
OpenAI-ის ხელმძღვანელმა, სემ ალტმანმა, უარყო ინფორმაცია 13 მილიარდიანი შემოსავლის შესახებ და განაცხადა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანიის წლიური შემოსავალი 13 მილიარდ დოლარზე „ბევრად მეტია“ და შესამჩნევი გაღიზიანებით უპასუხა კითხვას, თუ როგორ აპირებს კომპანია უზარმაზარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვას. ეს კომენტარები მან Bg2-ის პოდკასტში, Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს გააკეთა.
ინტერვიუს წამყვანმა, ბრედ გერსტნერმა, ახსენა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც OpenAI-ის შემოსავალი დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს შთამბეჭდავი თანხაა, თუმცა მცირედ გამოიყურება იმ ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხარჯებთან შედარებით, რომელიც კომპანიამ მომდევნო ათწლეულში გამოთვლითი ინფრასტრუქტურისთვის უნდა გაიღოს. „პირველ რიგში, ჩვენი შემოსავალი ამაზე ბევრად მეტია“, — განაცხადა ალტმანმა.
ამის შემდეგ ალტმანმა წამყვანს მიმართა: „მეორეც, ბრედ, თუ თქვენი აქციების გაყიდვა გსურთ, მყიდველს გიპოვნით. უბრალოდ... საკმარისია. ვფიქრობ, ბევრია ისეთი, ვისაც OpenAI-ის აქციების ყიდვა სურს“. ამ შენიშვნაზე გერსტნერმა უპასუხა: „მათ შორის მეც“.
ალტმანმა ასევე ისაუბრა კრიტიკოსებზე, რომლებიც „უდიდესი შეშფოთებით საუბრობენ ჩვენს გამოთვლით რესურსებზე“ და აღნიშნა, რომ ისინიც კი „სიამოვნებით იყიდიდნენ ჩვენს აქციებს“. მან დაამატა, რომ იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ სურს, OpenAI საჯარო კომპანია იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კითხულობს პოსტებს, თითქოს კომპანია გაკოტრების პირასაა. „ვისურვებდი, რომ მათ აქციების დაშორტვა შეეძლოთ და ვნახავდი, როგორ დაზარალდებოდნენ“, — თქვა მან.
მან აღიარა, რომ არსებობს გზები, რომლითაც კომპანიამ „შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს“ — მაგალითად, თუ საკმარის გამოთვლით რესურსებზე წვდომას ვერ მოიპოვებს — თუმცა, მისი თქმით, „შემოსავალი მკვეთრად იზრდება“. „ჩვენ მომავალზე ვაკეთებთ გათვლას, რომ ზრდა გაგრძელდება და არა მხოლოდ ChatGPT განვითარდება, არამედ ჩვენ შევძლებთ, გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი AI ღრუბლოვანი სერვისი, ჩვენი სამომხმარებლო მოწყობილობების ბიზნესი მნიშვნელოვანი გახდება და მეცნიერების ავტომატიზაციის უნარის მქონე ხელოვნური ინტელექტი უდიდეს ღირებულებას შექმნის“, — დასძინა ალტმანმა.
სატია ნადელამ, რომელიც ალტმანის პასუხის დროს იცინოდა, განაცხადა, რომ OpenAI-მ „გადააჭარბა“ ყველა ბიზნესგეგმას, რომელიც კი Microsoft-ისთვის, როგორც ინვესტორისთვის, წარუდგენია. მოგვიანებით, როდესაც გერსტნერმა ივარაუდა, რომ კომპანია 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს 2028 ან 2029 წელს მიაღწევდა, ალტმანმა უპასუხა: „2027-ზე რას იტყვით?“.
ამავდროულად, ალტმანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს OpenAI მომავალ წელს აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO) გეგმავს. „არა, არა, ასეთი კონკრეტული გეგმები არ გვაქვს. რეალისტი ვარ და ვვარაუდობ, რომ ეს ოდესმე მოხდება, მაგრამ არ ვიცი, რატომ წერენ ასეთ სტატიებს. კონკრეტული თარიღი არ გვაქვს, არც დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება არსებობს ამის შესახებ“, — განმარტა მან.
მსგავსი სტატიები

OpenAI-ს ოფისებიდან Eli Lilly-სთან გარიგებამდე — როგორ გახდა Chai Discovery ხელოვნური ინტელექტის წამლების შემუშავების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელი
AI სტარტაპმა Chai Discovery-მ Eli Lilly-სთან პარტნიორობა და 1.3 მილიარდიანი ვალუაცია დააფიქსირა. გაიგეთ, როგორ იქცა OpenAI-ს ოფისებში დაარსებული კომპანია ინდუსტრიის ლიდერად.

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ილონ მასკის xAI-ს სექსუალური დიფფეიქების გამო საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნა გაუგზავნა
კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ილონ მასკის xAI-ს საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნა გაუგზავნა Grok-ის მეშვეობით სექსუალური დიფფეიქებისა და უკანონო მასალების შექმნის გამო.

AI სტარტაპი Runpod-ი 120 მილიონი დოლარის წლიურ შემოსავალზე გავიდა — ყველაფერი კი Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო
Runpod-ის ისტორია ნიუ-ჯერსის სარდაფში კრიპტოვალუტის მაინინგით დაიწყო და დღეს 120 მილიონი დოლარის შემოსავლის მქონე AI გიგანტად იქცა, რომელიც OpenAI-სა და სხვა წამყვან კომპანიებს ემსახურება.