OpenAI-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, გრეგ ბროკმანი, ოფიციალურად იბარებს კომპანიის პროდუქტების სტრატეგიის მართვას. გამოცემა Wired-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ამყარებს უკვე არსებულ ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც ბროკმანი დროებით ზედამხედველობდა OpenAI-ის პროდუქტებს, სანამ AGI-ის (ზოგადი ხელოვნური ინტელექტი) დანერგვის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, ფიჯი სიმო, სამედიცინო შვებულებაში იმყოფება.
Wired-ის მიერ მოპოვებული თანამშრომლებისთვის განკუთვნილი მემორანდუმის თანახმად, ბროკმანმა გააჟღერა გეგმები ChatGPT-ისა და პროგრამირების პროდუქტის, Codex-ის, ერთიან სისტემაში გაერთიანების შესახებ.
„ჩვენ ვახდენთ პროდუქტებზე მიმართული ძალისხმევის კონსოლიდაციას, რათა მაქსიმალური ფოკუსით ვიმოქმედოთ აგენტური მომავლისკენ (agentic future) და გავიმარჯვოთ როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ ბაზარზე“— განაცხადა ბროკმანმა.
OpenAI-მ TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიჯი სიმო კვლავ სამედიცინო შვებულებაშია, მან ბროკმანთან ერთად იმუშავა ამ სტრატეგიულ ცვლილებებზე. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ChatGPT-ის, Codex-ისა და API-ის ერთ პლატფორმაზე გაერთიანების გეგმები, ერთიანი ძირითადი გუნდის ხელმძღვანელობით, აქამდეც განიხილებოდა.
გასული წლის ბოლოს, აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა გამოაცხადა ე.წ. „წითელი განგაში“ (code red) და აღნიშნა, რომ კომპანიამ ფოკუსი კვლავ ChatGPT-ის ძირითად გამოცდილებაზე უნდა გადაიტანოს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, OpenAI-მ დროებით შეაჩერა მუშაობა ისეთ გვერდით პროექტებზე, როგორიცაა ვიდეო გენერატორი Sora და OpenAI for Science. სტატია განახლებულია OpenAI-სგან მიღებული დამატებითი ინფორმაციით.



