Signal-ის პრეზიდენტმა, მერედით უიტეკერმა, ChatGPT-ისა და Claude-ის მსგავსი ჩატბოტების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა და მომხმარებლები გააფრთხილა. მისი განცხადებით, ეს ტექნოლოგიები არ უნდა აღვიქვათ როგორც პიროვნებები. „ესენი არ არიან თქვენი მეგობრები. ისინი არ არიან ცნობიერი არსებები ან გონიერი მოსაუბრეები“, — აღნიშნა უიტეკერმა.
აღნიშნული კომენტარები უიტეკერმა Bloomberg-თან ვრცელ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც პოლიტიკას, კონფიდენციალურობასა და Signal-ის საქმიანობას ეხებოდა. მან აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ზოგჯერ იყენებს „აქა-იქ დოკუმენტების დასაფორმატებლად“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სხვა მიზნებისთვის არ მიმართავს.
უიტეკერმა განმარტა თავისი პოზიცია ინტელექტუალურ მუშაობასთან დაკავშირებით: „მე მათ კითხვებს არ ვუსვამ. ძალიან სერიოზულად ვეკიდები ჩემს აზროვნებასა და წერის პროცესს და არ მსურს, რომ იდეაზე მუშაობის პროცესი შეიზღუდოს ან დაიჩრდილოს ისეთი სისტემის პასუხით, რომელიც უბრალოდ უკვე არსებული ინფორმაციის საშუალო მაჩვენებელს აგენერირებს“.
ინტერვიუს დროს ასევე განიხილეს Microsoft AI-ის აღმასრულებელი დირექტორის, მუსტაფა სულეიმანის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები წელს საშობაო საჩუქრების შერჩევასა და ყიდვას სრულად Microsoft Copilot-ს მიანდობენ. უიტეკერმა ამ სცენარის უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იმისათვის, რომ Copilot-მა განსაზღვროს, ვის რა საჩუქარი სურს, მან უნდა „უსმინოს“ ოჯახურ მიმოწერებს.
უიტეკერის არგუმენტაციით, ასეთი ფუნქციონალი ნიშნავს სისტემისთვის უპრეცედენტო წვდომის მინიჭებას პერსონალურ მონაცემებზე: „ეს ნიშნავს წვდომას ჩემს საკრედიტო ბარათზე, ბრაუზერზე, Signal-ზე, ჩემს ნაცვლად და-ძმებთან შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას, ჩემს სახლის მისამართსა და კალენდარზე“.
„ის, რაც ახლა აღწერეთ, არის სისტემა, რომელსაც აქვს ყოვლისმომცველი წვდომა მრავალ აპლიკაციასა და სერვისზე. Signal-ის კონტექსტში, ეს ერთგვარი „უკანა კარის“ (backdoor) არსებობას ნიშნავს“, — განაცხადა უიტეკერმა.



