Spotify ხელოვნური ინტელექტის რემიქსებისა და ქავერების პროექტს Merlin-თან პარტნიორობით აფართოებს
Spotify აანონსებს ახალ AI ინსტრუმენტს, რომელიც მომხმარებლებს არტისტების სიმღერების რემიქსების შექმნის საშუალებას მისცემს. პროექტს Merlin-ის 30 000-ზე მეტი ლეიბლი შეუერთდა.

Spotify-მ მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ დააანონსა ახალი პროდუქტი, რომელიც მუსიკის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნან შემსრულებლების სიმღერების ქავერები და რემიქსები. პროექტი მხოლოდ იმ არტისტების შემოქმედებას შეეხება, რომლებიც ამაზე წინასწარ განაცხადებენ თანხმობას.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ლეიბლებისა და დისტრიბუტორების სალიცენზიო პარტნიორი, Merlin, შეუერთდა Universal Music Group-ს (UMG) ხელოვნური ინტელექტის მუსიკალურ ინიციატივაში. ეს შეთანხმება Merlin-ის ქსელში შემავალ 30 000-ზე მეტ ლეიბლს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს პროდუქტში, რაც ფანებს საშუალებას მისცემს, შექმნან რემიქსები იმ არტისტების ნამუშევრებზე, რომლებიც მონაწილეობას დათანხმდებიან.
Spotify-ს პოზიციით, მათი ხელოვნური ინტელექტის მუსიკალური პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა საკამათო სტარტაპებისგან, რომლებიც სრულიად ხელოვნურ სიმღერებს ქმნიან. სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე Spotify-ს თანადირექტორმა, გუსტავ სოდერშტრომმა ინვესტორებს განუმარტა, რომ კომპანიის AI პროდუქტი ფოკუსირებული იქნება „ნამდვილ არტისტებზე და არა ყალბებზე“.
ეთიკური მიდგომა და ანაზღაურება
კომპანიის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს სამ ძირითად პრინციპს: თანხმობას, აღიარებასა და კომპენსაციას. თანადირექტორმა ალექს ნორსტრომმა აღნიშნა:
„ჩვენ გვსურს, რომ არტისტებმა ნებაყოფლობით დაამატონ თავიანთი ნამუშევრები ამ კატალოგში, რათა ადამიანებმა შეძლონ ქავერებითა და რემიქსებით ექსპერიმენტირება მათ შემოქმედებაზე დაყრდნობით. ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ მიიღონ სათანადო აღიარება. და რაც მთავარია, ჩვენ არა მხოლოდ ვითხოვთ თანხმობას და ვანიჭებთ კრედიტს, არამედ ვუზრუნველყოფთ ანაზღაურებასაც. რეალურად, ეს არის პირველი ლეგალური გზა ინტერაქტიული მუსიკის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ტალღის გამოსაყენებლად“ .
ბაზრის მდგომარეობა და სამომავლო გეგმები
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა სულ უფრო მეტად იკავებს სტრიმინგ სერვისებს. მუსიკალურმა პლატფორმა Deezer-მა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ყოველდღიური ატვირთვების 50%-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული, მაშინ როცა 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.
Spotify-მ ინვესტორებს აცნობა, რომ ფანების მიერ რემიქსებისა და ქავერების შექმნის ფუნქციის სატესტო ვერსია თავდაპირველად მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ასევე დააზუსტა, რომ პროექტის დასაწყებად სრული მუსიკალური კატალოგი საჭირო არ იქნება. სატესტო ვერსიის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ახალი ინსტრუმენტი ჩაეშვება როგორც ფასიანი დანამატი (add-on), რაც არტისტებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს შექმნის. სოდერშტრომის თქმით, ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომლის განხორციელებაც სხვა პლატფორმებს გაუჭირდებათ. მისი აზრით, ჩვეულებრივი გენერაციული მუსიკა Spotify-ს გარეშეც იარსებებს, თუმცა ეს კონკრეტული პროდუქტი აუცილებელია იმისთვის, რომ არსებულმა არტისტებმა შეძლონ ამ პროცესში მონაწილეობა.
მსგავსი სტატიები

OpenAI-ის ახალი ჭკვიანი დინამიკი, სავარაუდოდ, 300-დან 400 დოლარამდე ეღირება
OpenAI-ის ახალი ჭკვიანი დინამიკი, რომელიც ჯონი აივის სტუდიასთან თანამშრომლობით იქმნება, სავარაუდოდ 2027 წელს გამოვა და მისი ფასი 300-დან 400 დოლარამდე იქნება.

Gen Z-ის ახალი გატაცება: აპლიკაცია Ditto „სვაიპებს“ ხელოვნური ინტელექტის მატჩმეიქინგით ანაცვლებს
Ditto არის Gen Z-ზე ორიენტირებული გაცნობის აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მომხმარებლების დასაწყვილებლად და მათთვის რეალური პაემნების დასაგეგმად.

Naïve-მა 28.5 მილიონი დოლარი მოიზიდა: კომპანიის დაფუძნებისა და მართვის რუტინული პროცესების ავტომატიზაცია AI-ის მეშვეობით
სტარტაპმა Naïve-მა 28.5 მილიონი დოლარი მოიზიდა AI ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც ბიზნესის დაფუძნებისა და მართვის პროცესების სრულ ავტომატიზაციას ახდენს.