Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა კომპანიის თანამშრომლებთან საერთო შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აუცილებლად უნდა მიაღწიოს წარმატებას. ინფორმაციას Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი ავრცელებს.
ერთსაათიანი შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც კუკმა ინვესტორებს აცნობა კომპანიის გეგმების შესახებ, მნიშვნელოვნად გაზარდოს ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში. თანამშრომლებთან შეხვედრისას მან განაცხადა: "Apple-მა ეს უნდა გააკეთოს. Apple ამას გააკეთებს. ეს შესაძლებლობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ".
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კომპანიამ Apple Intelligence-ის ქოლგის ქვეშ მრავალი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქცია წარადგინა, Siri-ს დაპირებული განახლებები მნიშვნელოვნად შეფერხდა. კუკმა აღიარა, რომ კომპანია კონკურენტებს ჩამორჩება.
"ჩვენ იშვიათად ვყოფილვართ პირველები", - აღნიშნა კუკმა, - "PC-ი Mac-ამდე არსებობდა, სმარტფონი iPhone-მდე, ტაბლეტები iPad-მდე და MP3 ფლეერი iPod-მდე". თუმცა, მისი თქმით, ეს ხელს არ უშლიდა Apple-ს, შეექმნა ამ პროდუქტების "თანამედროვე" ვერსიები.


