United Airlines-მა გამოაცხადა, რომ ზღუდავს წვდომას ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტებისთვის, რომლებიც მომხმარებლების სახელით ფრენების დაჯავშნასა და რეზერვაციების მართვას ცდილობენ. კომპანია ამ გადაწყვეტილებას კიბერუსაფრთხოების რისკებითა და ფედერალური რეგულაციების შესაძლო დარღვევით ხსნის.
ავიაკომპანია კიდევ ერთი ამერიკული კორპორაციული გიგანტია, რომელმაც მომხმარებლებს საკუთარ სისტემებთან წვდომისთვის AI ასისტენტებისა და ავტონომიური აგენტების გამოყენება აუკრძალა. ეს ნაბიჯი განპირობებულია იმ სირთულეებით, რომლებსაც ავიაკომპანიები და ბანკები აწყდებიან რეალური მომხმარებლებისა და მათ ნაცვლად მოქმედი AI სისტემების ერთმანეთისგან გარჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლები საკუთარ ავტორიზაციის მონაცემებს AI ასისტენტებს უზიარებენ.
პაროლების გაზიარება აპლიკაციებისა და ასისტენტებისთვის უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები გაჟონავს ან მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდება. United Airlines-ი აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ანგარიშის მონაცემების მესამე მხარის პერსონალური AI ასისტენტებისთვის გადაცემამ შესაძლოა სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამ ხელსაწყოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შესყიდვები, ცვლილებები ანგარიშებში ან MileagePlus-ის მილების უნებართვო გამოყენება.
ავიაკომპანია ასევე მიუთითებს ავიაციის ფედერალური წესების დარღვევის საფრთხეზე. მაგალითად, რეგულაციები მოითხოვს, რომ ფრენის რეგისტრაციის (check-in) პროცესი უშუალოდ ადამიანმა დაასრულოს, რათა დაადასტუროს, რომ მისი ბარგი არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.
„შედეგად, United Airlines-ი დგამს ნაბიჯებს წვდომის შესაზღუდად — როგორც უშუალოდ ჩვენს ციფრულ პლატფორმებზე, ისე ირიბად, ტურისტული სააგენტოებისა და აგრეგატორების მეშვეობით — რათა აიკრძალოს არაავტორიზებული, მესამე მხარის პერსონალური AI აგენტების ან ასისტენტების გამოყენება“, — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. „ეს სამუშაო მოიცავს ცვლილებებს ჩვენს დაჯავშნის, ბილეთების გაცემისა და დისტრიბუციის პოლიტიკაში“.
ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ბანკების, მათ შორის Bank of America-ს გაფრთხილებას, რომელმაც გასულ კვირას მოუწოდა კლიენტებს, არ გაუზიარონ თავიანთი პაროლები AI ასისტენტებს.



