გასულ წელს Amazon-მა AI სტარტაპ Adept-ის დამფუძნებლები დაიქირავა, რაც ერთ-ერთი პირველი მაგალითი გახდა იმისა, რასაც რევერსული დაქირავება ეწოდა - პროცესი, როდესაც მსხვილი კომპანია სტარტაპის მთლიანად შეძენის ნაცვლად, მის წამყვან თანამშრომლებს ქირაობს და ტექნოლოგიის ლიცენზიას იღებს.
Adept-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლუანი ამჟამად Amazon-ის ახალი AGI ლაბორატორიის ხელმძღვანელია. The Verge-თან ინტერვიუში, სადაც ძირითადად Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტების ხედვაზე საუბრობდა, მან რევერსული დაქირავების ტენდენციაზეც გააკეთა კომენტარი.
ლუანის თქმით, მას სურს, რომ დაამახსოვრდნენ როგორც AI კვლევების ინოვატორი და არა გარიგებების სტრუქტურის შემქმნელი. მისი აზრით, სავსებით ლოგიკურია, რომ Amazon-ის მსგავსი კომპანიები ცდილობენ ტალანტებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების კრიტიკული მასის შექმნას.
კითხვაზე, თუ რატომ დატოვა საკუთარი სტარტაპი Amazon-ისთვის, ლუანმა განმარტა, რომ არ სურდა Adept გამხდარიყო "კორპორატიული კომპანია, რომელიც მხოლოდ მცირე მოდელებს ყიდის". მას სურს გადაჭრას "AGI-მდე დარჩენილი ოთხი კრიტიკული კვლევითი პრობლემა".
"თითოეული მათგანი მოითხოვს ორნიშნა მილიარდ დოლარიან კლასტერებს", - აღნიშნა ლუანმა, დასძინა რა: "სხვაგვარად როგორ მექნებოდა ამის გაკეთების შესაძლებლობა?"



