ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე კომპანია Anthropic-მა ახალი „საზოგადოებრივი სარგებლის ფონდის“ (public benefit fund) შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ინიციატივა კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილად და მასშტაბურად დაუჭიროს მხარი სოციალურად სასარგებლო პროექტებს.
Anthropic-ის განცხადებით, ფონდში კომპანიის აქციების 5% განთავსდება. თავად ფონდი სრულად კომპანიის მფლობელობაში არსებული სუბიექტის სახით ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პირობა, რომლის მიხედვითაც, Anthropic-ის ღირებულების ყოველი 50%-იანი ზრდის შემთხვევაში, ფონდში დამატებით 2%-ის გადარიცხვის შესაძლებლობა იარსებებს.
კომპანიამ ასევე წარმოადგინა ზოგადი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ თანხების გამოყენება. საუბარია მსხვილ შემოწირულობებზე ტრადიციული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ან პირდაპირ განაწილებაზე მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის გავლენაა დასაქმების ბაზარზე — საკითხი, რომლის შესასწავლადაც Anthropic-ს უკვე გამოყოფილი აქვს 200 მილიონი აშშ დოლარი.
„ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, შესაძლოა უფრო გაბედული მიდგომები გახდეს საჭირო. ფონდს ექნება შესაბამისი მრავალფეროვნება ამ მიზნების მისაღწევად“, — აცხადებენ კომპანიაში. Anthropic-ის ეს ნაბიჯი ემთხვევა პერიოდს, როდესაც AI ინდუსტრია საზოგადოების მხრიდან მზარდ ნეგატიურ განწყობას აწყდება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ, შექმნილ ვითარებას „ფუნდამენტურად ნდობის კრიზისი“ უწოდა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელი პროექტებია დაფინანსების ღირსი, Anthropic-ში განმარტავენ, რომ ფონდის სტრუქტურისა და მართვის პრინციპების შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს თვეებში გაასაჯაროებენ.