ჩატბოტების სტარტაპის, Character.AI-ის მიერ მიმდინარე კვირას გაკოტრების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლების დიდ ნაწილს Disney-ში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ Character.AI-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კარანდიპ ანანდი, ცოტა ხნის წინ გასართობი ინდუსტრიის გიგანტის პირველი ტექნოლოგიური დირექტორი (CTO) გახდა. მანამდე სტარტაპმა განაცხადა, რომ Disney-მ მისი აქტივების ნაწილის 20 მილიონ დოლარად შეძენაზე თანხმობა განაცხადა.Bloomberg-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტები Character.AI-სა და Disney-ს შორის არსებული შეთანხმების შესახებ დამატებით დეტალებს ააშკარავებს. დოკუმენტაციის თანახმად, Disney მზად არის სამუშაო შეთავაზება გაუკეთოს Character.AI-ის მინიმუმ 60 თანამშრომელს, რაც კომპანიის სამუშაო ძალის უმრავლესობას შეადგენს. მათი წლიური ანაზღაურება, სავარაუდოდ, ჯამში 60 მილიონ დოლარს მიაღწევს.სასამართლო მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ იმ თანამშრომლების „აბსოლუტურმა უმრავლესობამ“, რომლებმაც Disney-სგან შეთავაზება მიიღეს, პირობებს დათანხმდნენ. თუმცა, ეს არის ე.წ. „სტალკინგ ჰორს“ (stalking horse) ტიპის წინადადება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა, უფრო მაღალი ფასი შესთავაზოს და გარიგება გადაიბაროს.მიუხედავად „დიდი და აქტიური მომხმარებელთა ბაზისა“, Character.AI-ის საქმიანობას ხელი მაღალმა ხარჯებმა და „პოტენციურმა სამართლებრივმა პასუხისმგებლობებმა თუ რეგულატორებთან დაკავშირებულმა საკითხებმა“ შეუშალა. კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 14 წლის ბიჭის დედამ, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს Character.AI-ის ერთ-ერთი ჩატბოტის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რამაც საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გარდა ამისა, კომპანია ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო სამთავრობო გამოძიებების წინაშეც დგას.