Anthropic მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის კომპანიაა, რომლის ღირებულებაც, კერძო ბაზრის ინვესტორების შეფასებით, დაარსებიდან სულ რაღაც ხუთ წელიწადში ტრილიონ დოლარს უახლოვდება. თუკი დამფუძნებლებსა და ბიზნესლიდერებს აქამდეც შურდათ კომპანიის ხელმძღვანელის, დარიო ამოდეის წარმატების, ახალი ინფორმაცია მათ კიდევ უფრო მეტ საფუძველს მისცემს ამისთვის.

Bloomberg-ის ჟურნალისტ ემილი ჩანგთან ინტერვიუში ამოდეიმ გაამხილა, რომ მას მხოლოდ ერთი უშუალო დაქვემდებარებული ჰყავს — მისი აპარატის უფროსი (Chief of Staff). Anthropic-ის მენეჯმენტის გუნდის ყველა სხვა წევრი ანგარიშვალდებულია მის დასთან, კომპანიის თანადამფუძნებელსა და პრეზიდენტთან, დანიელა ამოდეისთან, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებს უძღვება.

ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ოდესმე დიდი გუნდი უმართავს, იცის, რომ სამუშაოს „ადამიანური რესურსების“ მხარე ხშირად მთელ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამოდეის მიერ ჩამოყალიბებული სტრუქტურა კი მას საშუალებას აძლევს, თითქმის მთლიანად კონცენტრირდეს სტრატეგიაზე, კორპორატიულ კულტურაზე, კვლევების მიმართულებებსა და ცივილიზაციის მომავლის შესახებ ვრცელი ესეების წერაზე.

„ეს წარმოუდგენელი თავისუფლებაა“, — აღნიშნავს ამოდეი ინტერვიუში.

ეს მოდელი საკმაოდ უჩვეულოა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. შედარებისთვის, OpenAI-ის ხელმძღვანელს, სემ ალტმანს, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ექვსი უშუალო დაქვემდებარებული ჰყავს, რაც სტანდარტულ მიდგომად ითვლება. მეორე უკიდურესობაა Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, რომელსაც ათეულობით თანამშრომელი პირდაპირ ანგარიშს აბარებს.