ბერნი სანდერსი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ
ბერნი სანდერსი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ, სანამ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ყოვლისმომცველი რეგულაციები არ ამოქმედდება.

აშშ-ში მონაცემთა ცენტრების ახალი პროექტების მკვეთრმა ზრდამა გამოიწვია მზარდი უკმაყოფილება იმ ინფრასტრუქტურის მიმართ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) ამუშავებს. ორი გავლენიანი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს ნებისმიერი ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომელთა პიკური დატვირთვა 20 მეგავატს აღემატება.
ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი და ნიუ-იორკის კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას კონგრესის ორივე პალატაში წარადგენენ. კანონპროექტის მიზანია პროექტების შეჩერება მანამ, სანამ კონგრესი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ყოვლისმომცველ რეგულაციებს არ მიიღებს.
სანდერსის ოფისი ეყრდნობა ტექნოლოგიური სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენლის მოსაზრებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართ შიშს გამოთქვამენ და განვითარების პროცესის შეჩერებას ან მკაცრი წესების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის არიან ილონ მასკი, Google DeepMind-ის ხელმძღვანელი დემის ჰასაბისი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეფრი ჰინტონი.
ტექნოლოგიური ლიდერების შეშფოთება და საზოგადოებრივი აზრი
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ციტირებენ ილონ მასკს, რომელმაც განაცხადა:
„ხელოვნური ინტელექტი ბირთვულ იარაღზე ბევრად საშიშია. მაშ, რატომ არ გვაქვს მარეგულირებელი ზედამხედველობა?“
Pew Research-ის მიერ მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმეტესობა უფრო მეტად შეშფოთებულია ხელოვნური ინტელექტით, ვიდრე აღფრთოვანებული. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა აღნიშნა, რომ მათი მოლოდინები შიშზე მეტია. თუმცა, AI კომპანიების მხრიდან განხორციელებულმა მასშტაბურმა პოლიტიკურმა ხარჯებმა და ჩინეთთან ტექნოლოგიური შეიარაღების რბოლაში ჩამორჩენის შიშმა შესაძლოა ამ კანონპროექტის მიღება გაართულოს.
რეგულაციების სამომავლო გეგმა
ეს კანონპროექტი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ნაბიჯად იმის განსასაზღვრად, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირება. ორ კანონმდებელს სურს, რომ აშშ-ის მთავრობამ განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
- მოდელების შემოწმება და სერტიფიცირება მათ საჯარო გამოშვებამდე;
- ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაო ადგილების ჩანაცვლებისგან დაცვის მექანიზმების ამოქმედება;
- მონაცემთა ინფრასტრუქტურის გარემოზე ზემოქმედების შეზღუდვა;
- მშენებლობის პროცესში პროფკავშირული შრომის გამოყენების მოთხოვნა.
გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებს მოწინავე ჩიპების ექსპორტის აკრძალვას იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი წესები არ მოქმედებს — რაც, ამ ეტაპზე, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას მოიცავს.
მსგავსი სტატიები

Valor და Point72 მხარს უჭერენ General Intuition-ს 6 მილიარდ დოლარიანი შეფასებით: AI სტარტაპი რობოტიკის სფეროში იჭრება
ნიუ-იორკული AI სტარტაპი General Intuition 6 მილიარდ დოლარიან შეფასებაზე გადის. კომპანია, რომელიც რობოტიკისა და ფიზიკური AI-ს მიმართულებით მუშაობს, მსხვილ ინვესტორებს იზიდავს.

Instinct-ის მძლავრი AI ასისტენტი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გამო კრიტიკის ქარცეცხლშია
ხელოვნური ინტელექტის ახალი ასისტენტი Instinct, რომელიც მომხმარებლის მონაცემებზე სრულ წვდომას ითხოვს, უსაფრთხოების ექსპერტებში სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

ვინ დგას ახალი „ინკოგნიტო“ მოდელის, Ox Alpha-ს უკან?
იდუმალებით მოცული AI მოდელი Ox Alpha ინტერნეტში განხილვის მთავარი თემა გახდა. OpenRouter-ზე გამოჩენილმა „ინკოგნიტო“ მოდელმა გააჩინა კითხვები მისი წარმომავლობის შესახებ.