კომპანია Meta, შესაძლოა, მისი მეტასამყაროს განყოფილების ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობა ვირტუალური რეალობის პლატფორმის დაფინანსების 30%-მდე შემცირების საკითხს განიხილავს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბიუჯეტის ნებისმიერი შემცირება თანამშრომლების დათხოვნასაც მოიცავს. თუ Meta ამ გეგმას განახორციელებს, ეს ნაბიჯი ასახავს როგორც ინდუსტრიაში, ისე მომხმარებლებში არსებულ ინტერესის ნაკლებობას ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა Meta-ს სოციალური ვირტუალური რეალობის პლატფორმა Horizon Worlds და მისი VR მოწყობილობები.
2021 წელს კომპანიის რებრენდინგის შემდეგ, ინვესტორები სკეპტიკურად უყურებდნენ მეტასამყაროს პროექტებში რესურსების განაწილებას. ეს განყოფილება ყოველ კვარტალში მილიარდობით დოლარს კარგავს, რაც ინვესტორების შეშფოთებას იწვევდა.
მეტასამყაროსგან განსხვავებით, კომპანიის მცდელობები ხელოვნური ინტელექტისა და „ჭკვიანი სათვალეების“ მიმართულებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, ინვესტორები კვლავ წუხან, რომ კომპანიის საინვესტიციო გეგმები ზედმეტად მასშტაბური და ძვირადღირებულია.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი გაიზარდა. კომპანიას ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.



