დალასის ქუჩებში Uber-ის რობოტაქსები გამოჩნდა: ახალი სერვისი უსაფრთხოების ოპერატორით იწყება
Uber-მა და Avride-მა დალასში რობოტაქსების სერვისი დაიწყეს. მგზავრობა თავდაპირველად შეზღუდულ ტერიტორიაზე და საჭესთან მჯდომი ოპერატორის მეთვალყურეობით განხორციელდება.

Uber-ის მომხმარებლებს დალასში შესაძლოა, შემდეგი გამოძახებისას Avride-ის ბრენდირებული რობოტაქსი მოემსახუროთ. პარტნიორობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებმა კომერციული უპილოტო ტაქსის სერვისი ოფიციალურად აამოქმედეს, თუმცა, ჯერჯერობით, რამდენიმე შეზღუდვით.
სერვისი საწყის ეტაპზე მოიცავს საჭესთან მჯდომ უსაფრთხოების ოპერატორს და შეზღუდულ საოპერაციო არეალს. კომპანიების განცხადებით, მომავალში სრულად უმართავო, ოპერატორის გარეშე ოპერაციები დაიწყება და მომსახურების ზონაც გაფართოვდება. ამჟამად, სერვისი დალასის 9 კვადრატული მილის ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია ხელმისაწვდომი.
Uber-ის მომხმარებლებს, რომლებიც UberX, Uber Comfort ან Uber Comfort Electric კატეგორიას გამოიძახებენ, შესაძლოა, სისტემამ Avride-ის რობოტაქსი შესთავაზოს. რობოტაქსით მგზავრობა გარანტირებული არ არის, თუმცა მომხმარებლებს შეუძლიათ აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილების შეტანით მისი მიღების შანსი გაზარდონ. მგზავრობის ღირებულება კი სტანდარტული, მძღოლის მიერ მართული ავტომობილის ტარიფის იდენტური იქნება.
როდესაც მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მას რობოტაქსი ემსახურება, მას შეუძლია დათანხმდეს შეთავაზებას ან აირჩიოს სტანდარტული ავტომობილი. რობოტაქსის მისვლის შემდეგ, მგზავრი Uber-ის აპლიკაციის საშუალებით შეძლებს ავტომობილის განბლოკვას, საბარგულის გახსნას და მგზავრობის დაწყებას.
რობოტაქსების ავტოპარკი სრულად ელექტრო Hyundai Ioniq 5 მოდელებისგან შედგება, რომლებიც Avride-ის ავტონომიური მართვის სისტემითაა აღჭურვილი. Uber-ის წარმომადგენლის თქმით, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობის ავტომობილი იმოძრავებს, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელიწადში მათი რიცხვი დალასში ასეულობით გაიზრდება.
ოპერირების მოდელის მიხედვით, თავდაპირველად ავტოპარკს Avride უხელმძღვანელებს, მოგვიანებით კი Uber გადაიბარებს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას, როგორიცაა დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება, ინსპექტირება და დამუხტვა. მგზავრების მხარდაჭერას თავიდანვე Uber უზრუნველყოფს, ხოლო Avride ავტომობილების ტესტირებაზე იქნება პასუხისმგებელი.
ეს პროექტი Uber-ისთვის ავტონომიური მანქანების ტექნოლოგიურ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობის წლის კულმინაციაა. კომპანიას უკვე აქვს 20 პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Waymo, ჩინური WeRide და Nuro. Uber-ი უკვე სთავაზობს ავტონომიურ მგზავრობას აბუ-დაბისა და რიადში (WeRide-თან ერთად), ასევე ატლანტაში, ოსტინსა და ფინიქსში (Waymo-სთან ერთად).
Uber-ი გეგმავს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ავტონომიური მანქანები თავის ქსელში სულ მცირე 10 ქალაქში ჰყავდეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ასეთი სერვისების გაშვება იგეგმება არლინგტონში (ტეხასი), დუბაიში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მიუნხენსა და სან-ფრანცისკოს ყურის არეალში.
Uber-მა ოსტინში დაფუძნებულ სტარტაპ Avride-ში, რომელიც Nebius Group-ის ნაწილია, ინვესტიციაც განახორციელა. 2024 წლის ოქტომბერში კომპანიებმა მრავალწლიანი გარიგება გააფორმეს, რომელიც მოიცავდა როგორც ავტონომიურ მანქანებს, ისე ტროტუარზე მოძრავ მიტანის რობოტებს Uber Eats-ისთვის. ეს რობოტები უკვე აწვდიან საკვებს ოსტინში, დალასსა და ჯერსი-სიტიში.
ამ შემოდგომაზე Avride-მა Uber-ისა და Nebius-ისგან 375 მილიონი დოლარის ღირებულების სტრატეგიული ინვესტიციები და კომერციული ვალდებულებები მიიღო. Nebius-ი წარსულში ცნობილი იყო როგორც Yandex NV, ნიდერლანდური კომპანია, რომელმაც 2024 წელს თავისი რუსული ბიზნესი გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მიტანის რობოტების პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რობოტაქსების გაშვებას ორივე კომპანიისთვის გაცილებით მაღალი ფსონი აქვს.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.