ორგანული საკვების მწარმოებელი კომპანია Once Upon a Farm, რომელიც ბავშვთა კვებისა და სასუსნავების ხაზით არის ცნობილი, საჯარო შეთავაზების (IPO) გეგმებს უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტაციასა და Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.
კომპანია თავდაპირველად გასულ წელს გეგმავდა ბირჟაზე გასვლას, თუმცა პროცესი სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის შეჩერების (government shutdown) გამო დროებით შეფერხდა. სამშაბათს წარდგენილი განახლებული S-1 ფორმის მიხედვით, აქციების სავარაუდო ფასი 17-დან 19 დოლარამდე განისაზღვრა. ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ IPO-ს პროცესი განახლდა, რაც, შესაძლოა, ზოგადად საინვესტიციო ბაზრის გამოცოცხლების სიგნალიც იყოს.
IPO Scoop-ის მონაცემებით, კომპანიის დებიუტი საფონდო ბირჟაზე 6 თებერვალს არის მოსალოდნელი. Once Upon a Farm 2015 წელს დაარსდა. მისი თანადამფუძნებლები არიან კასანდრა კერტისი და არი რაზი, რომლებსაც მოგვიანებით ცნობილი მსახიობი ჯენიფერ გარნერი შეუერთდა.
ფინანსური დეტალები და მოლოდინები
კომპანიის წამყვანი ბანკირები Goldman Sachs და J.P. Morgan არიან. Once Upon a Farm-ის მიზანია მინიმუმ 208.9 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა, რაც კომპანიის საერთო ღირებულებას 764.4 მილიონ აშშ დოლარად შეაფასებს.
PitchBook-ის მონაცემებით, კომპანიამ დღემდე თითქმის 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მის ინვესტორებს შორის არიან ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა S2G Ventures და CAVU Consumer Partners.



