კიბერშეტევა ავტომობილის ალკოტესტების მწარმოებელ კომპანიაზე: აშშ-ში მძღოლები მანქანების დაქოქვას ვერ ახერხებენ
ამერიკულ კომპანია Intoxalock-ზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ აშშ-ის მასშტაბით მძღოლების ნაწილი გადაადგილების საშუალების გარეშე დატოვა. სისტემური ხარვეზის გამო ავტომობილების დაქოქვა შეუძლებელია.

ამერიკულ კომპანია Intoxalock-ზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ აშშ-ის მასშტაბით მძღოლების ნაწილი რთულ ვითარებაში ჩააყენა — ისინი საკუთარი ავტომობილების დაქოქვას ვერ ახერხებენ. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 14 მარტს მომხდარი კიბერშეტევის შემდეგ სისტემაში შეფერხებები ფიქსირდება.Intoxalock სპეციალიზებულია ალკოტესტების წარმოებაზე, რომლებიც ავტომობილის დაქოქვის სისტემაში (ignition switches) მონტაჟდება. აღნიშნული მოწყობილობების გამოყენება სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებსაც მანქანის დასაქოქად ალკოჰოლზე უარყოფითი ტესტის წარდგენა მოეთხოვებათ. კომპანიის წარმომადგენელმა, რეიჩელ ლარსონმა, TechCrunch-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კომპანია კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.ლარსონის განცხადებით, პრევენციული ზომების სახით, კომპანიამ დროებით შეაჩერა ზოგიერთი სისტემის მუშაობა. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული ალკოტესტები რამდენიმე თვეში ერთხელ დაკალიბრებას (გამართვას) საჭიროებენ, თუმცა კიბერშეტევის გამო Intoxalock ამ პროცედურის განხორციელებას ვერ ახერხებს.კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ მომხმარებლებს, რომელთა მოწყობილობებსაც დაკალიბრება ესაჭიროებათ, შესაძლოა ავტომობილის დაქოქვისას სერიოზული შეფერხებები შეექმნათ. Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, თუ მოწყობილობა დადგენილ ვადებში არ დაკალიბრდა, ავტომობილი ავტომატურად იბლოკება, რაც მძღოლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა მეინის შტატში, სადაც მძღოლები მანქანების დაბლოკვის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ბოსტონში, მიდლბოროს ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში WCVB 5-ს განუცხადეს, რომ კიბერშეტევის გამო მათ ავტოსადგომზე მთელი კვირის განმავლობაში გაჩერებული იყო ავტომობილები, რომელთა დაქოქვაც ვერ ხერხდებოდა.ანალოგიური ცნობები ვრცელდება აშშ-ის სხვადასხვა რეგიონიდან, ნიუ-იორკიდან მინესოტამდე. მძღოლები ვერ სარგებლობენ ტრანსპორტით, რადგან მათი ავტომობილის ალკოტესტების დაუყოვნებლივ დაკალიბრება შეუძლებელია. Intoxalock-ში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის კიბერშეტევასთან აქვთ საქმე — იყო ეს გამომძალველი პროგრამა (ransomware) თუ მონაცემთა გაჟონვა. ასევე უცნობია, დაუკავშირდნენ თუ არა მათ ჰაკერები გამოსასყიდის მოთხოვნით.კომპანიის ტექნოლოგია აშშ-ის 46 შტატში გამოიყენება და მათივე მონაცემებით, მომსახურებას ყოველწლიურად 150,000 მძღოლს უწევენ. ამ ეტაპზე Intoxalock-ს სისტემების სრულად აღდგენის ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.