ელონ მასკის კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის აეროპორტთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დროებით შეაჩერა, მას შემდეგ რაც სამშენებლო მოედანზე მუშა დაშავდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, რის შემდეგაც ნევადას შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა (OSHA) გამოძიება დაიწყო.
კლარკის ოლქის სახანძრო სამსახურმა გადაუდებელი ზარი ადგილობრივი დროით 22:12 საათზე მიიღო. შემთხვევის ადგილზე 18-კაციანი სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა. დაშავებული მუშა ადგილზე არსებული ამწის დახმარებით ამოიყვანეს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
Boring Company უკვე რამდენიმე წელია ლას-ვეგასში გვირაბების მშენებლობით არის დაკავებული. კომპანიამ უკვე დაასრულა საკონვენციო ცენტრის დამაკავშირებელი გვირაბები, რომლებიც რამდენიმე სასტუმრო-კაზინოსთან არის მიერთებული. ამ მომენტისთვის არსებული 3.5 მილის სიგრძის გვირაბებით უკვე 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდა.
კომპანიის გეგმები გაცილებით მასშტაბურია და მიზნად ისახავს მთელი ლას-ვეგასის დაკავშირებას მიწისქვეშა გვირაბების სისტემით, მათ შორის აეროპორტთანაც. თუმცა, მშენებლობის პროცესში უკვე ათობით მუშა დაშავდა. ყურადსაღებია, რომ კომპანიის ყოფილმა უსაფრთხოების მენეჯერმა საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება სამშენებლო მოედნებზე არსებული საფრთხეების შესახებ.



