Meta, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სფეროში აქამდე გარკვეულწილად ჩამორჩენილად მიიჩნეოდა, პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მიმდინარე კვირას კომპანიამ ახალი ტერმინალის კოდირების აგენტი წარადგინა, რომელიც პროგრამისტებს მასშტაბურ პროგრამულ კოდებთან და რთულ ამოცანებთან მუშაობაში დაეხმარება.

Muse Code, რომელიც ამჟამად ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი, საშუალებას იძლევა შესრულდეს „სრული პროგრამული საინჟინრო ამოცანები დიდ რეპოზიტორიებში“, — განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ოთხშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. მან ასევე დასძინა, რომ ეს ამოცანები მოიცავს „ცვლილებების დაგეგმვას, კოდის წერასა და შედეგების ვალიდაციას“.

Muse Code-ის ინსტალაცია შესაძლებელია ერთი ბრძანებით და ის დაფუძნებულია Meta-ს მიერ ადრე გამოშვებულ კოდირების მოდელზე — Muse Spark. სისტემა დიდ პროექტებს საკუთარი აგენტების გაშვებით მართავს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. „როდესაც დავალება საკმარისად დიდია, ის ნაწილდება ცალკეულ ქვე-აგენტებზე, რომლებიც იზოლირებულ სამუშაო გარემოში (worktrees) ერთდროულად მუშაობენ“, — განმარტა ცუკერბერგმა. „თქვენს სამუშაო ასლს (working copy) ხელი არ ეხება. ტესტირებისას აგენტმა თამაშისთვის ერთდროულად ექვსი ფუნქცია შექმნა ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე“.

კონკურენცია და სტრატეგიული მიზნები

ეს ნაბიჯი Meta-ს საშუალებას აძლევს უფრო კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომი გახდეს ისეთ AI ლაბორატორიებთან შედარებით, როგორიცაა OpenAI თავისი Codex-ით და Anthropic თავისი Claude Code-ით. „მიგვაჩნია, რომ მრავალი სამუშაო პროცესისა და გამოყენების შემთხვევისთვის, ეს შეიძლება იყოს წარმოუდგენლად კარგი ვარიანტი, განსაკუთრებით ხარჯების თვალსაზრისით“, — განუცხადა Wall Street Journal-ს ალექსანდრ ვანგმა, Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, რომელიც Meta Superintelligence Labs-ს უძღვება.

Meta აქტიურად ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ივნისში კომპანიამ გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი — თუ მანამდე AI-ს ძირითადად სარეკლამო ბიზნესის მხარდასაჭერად იყენებდა, ახლა ის კორპორატიული AI-ს (Enterprise AI) ბაზარზე შევიდა აგენტით, რომელიც მომხმარებელთა მომსახურებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.