Nvidia კვლავ რჩება ხელოვნური ინტელექტის (AI) ეკოსისტემის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ მხოლოდ 2026 წლის პირველ თვეებში 40 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალი მიმართა AI კომპანიების აქციების შესაძენად.
ამ შთამბეჭდავი თანხის უდიდესი ნაწილი ერთ კონკრეტულ გარიგებაზე მოდის — საუბარია 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე OpenAI-ში. თუმცა, ჩიპების მწარმოებელი გიგანტი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. CNBC-ის მონაცემებით, კომპანიამ ასევე დააანონსა შვიდი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია საჯარო კომპანიებში.
ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გარიგებებს შორის აღსანიშნავია 3.2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია მინის მწარმოებელ კომპანია Corning-ში და 2.1 მილიარდ დოლარამდე მონაცემთა ცენტრების ოპერატორ IREN-ში. Nvidia-ს აქტივობა არც კერძო სტარტაპების მიმართულებით იკლებს. 2025 წელს კომპანიამ 67 ვენჩურულ გარიგებაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო FactSet-ის მონაცემებით, 2026 წელს უკვე ორ ათეულამდე საინვესტიციო რაუნდშია ჩართული.
კრიტიკა და სტრატეგიული ხედვა
Nvidia-ს სტრატეგია, რომელიც საკუთარ კლიენტებში ინვესტირებას გულისხმობს, გარკვეული კრიტიკის საგანიც გახდა. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ეს არის „წრიული გარიგებები“, რომელთა დროსაც ფული, ფაქტობრივად, ერთი და იმავე კომპანიებს შორის მოძრაობს.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა, მეთიუ ბრაისონმა აღნიშნა, რომ Nvidia-ს ინვესტიციები ნამდვილად ჯდება „წრიული ინვესტირების“ თემატიკაში. თუმცა, მისივე თქმით, წარმატების შემთხვევაში, ეს სტრატეგია კომპანიას დაეხმარება შექმნას მძლავრი „კონკურენტული ბარიერი“ (competitive moat) ბაზარზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მის პოზიციებს.



