OpenAI-ის ხედვა ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკაზე: საზოგადოებრივი ფონდები, რობოტების გადასახადი და 4-დღიანი სამუშაო კვირა
OpenAI-მ წარადგინა პოლიტიკის გეგმა, რომელიც AI-ს ეპოქაში სიმდიდრის განაწილებას, რობოტების დაბეგვრასა და 4-დღიან სამუშაო კვირას ითვალისწინებს.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მთავრობები ცდილობენ გაუმკლავდნენ სუპერინტელექტუალური მანქანების ეკონომიკურ შედეგებს, OpenAI-მ გამოაქვეყნა პოლიტიკის წინადადებათა პაკეტი. დოკუმენტი აღწერს გზებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სიმდიდრის განაწილება და შრომის ბაზარი „ინტელექტის ეპოქაში“. ეს იდეები აერთიანებს ტრადიციულად მემარცხენე მექანიზმებს, როგორიცაა საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფონდები და გაფართოებული სოციალური დაცვის ქსელები, ფუნდამენტურად კაპიტალისტურ, ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ჩარჩოსთან.
OpenAI-ის წინადადებები, ფაქტობრივად, წარმოადგენს საჯარო დეკლარაციას, რომელიც ეხმარება არჩეულ თანამდებობის პირებს, ინვესტორებსა და საზოგადოებას იმის გაგებაში, თუ როგორ ხედავს 852 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანია სამყაროს ტრანსფორმაციას. ეს ხედვა ეხება პერიოდს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად შეცვლის შრომასა და ეკონომიკას. წინადადებები გამოქვეყნდა AI-სთან დაკავშირებული მზარდი შფოთვის ფონზე, რაც გამოწვეულია სამუშაო ადგილების დაკარგვის, სიმდიდრის კონცენტრაციისა და მონაცემთა ცენტრების მასშტაბური მშენებლობის გამო.
ეს ინიციატივა ასევე ემთხვევა აშშ-ის ადმინისტრაციის მცდელობებს AI-ს ეროვნული ჩარჩოს შესაქმნელად და მიზნად ისახავს ორპარტიული მხარდაჭერის მოპოვებას. ამ ძალისხმევის პარალელურად მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური აქტივობაც: OpenAI-ის პრეზიდენტმა გრეგ ბროკმანმა და სხვა ტექნოლოგიურმა მილიარდერებმა ასობით მილიონი დოლარი ჩადეს პოლიტიკურ კამპანიებში, რომლებიც მხარს უჭერენ AI-ს მიმართ მსუბუქი რეგულაციების პოლიტიკას.
OpenAI-ის სტრატეგიული მიზნები
OpenAI-ის მიერ შემოთავაზებული ჩარჩო სამ ძირითად მიზანზე ფოკუსირდება:
- AI-ით გამოწვეული კეთილდღეობის უფრო ფართო განაწილება;
- სისტემური რისკების შესამცირებლად დამცავი მექანიზმების შექმნა;
- AI შესაძლებლობებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა, რათა ეკონომიკური ძალაუფლება და შესაძლებლობები მხოლოდ რამდენიმე სუბიექტის ხელში არ მოექცეს.
საგადასახადო რეფორმა და „რობოტების გადასახადი“
OpenAI გვთავაზობს საგადასახადო ტვირთის გადატანას შრომიდან კაპიტალზე. კომპანია არ აკონკრეტებს კორპორაციული გადასახადის ზუსტ განაკვეთს, თუმცა აფრთხილებს, რომ AI-ზე დაფუძნებულმა ზრდამ შესაძლოა გამოფიტოს ის საგადასახადო ბაზა, რომელიც აფინანსებს სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებასა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს. კორპორაციული მოგების ზრდისა და შრომით შემოსავალზე დამოკიდებულების შემცირების პირობებში, ტრადიციული საგადასახადო მოდელი შესაძლოა არაეფექტური გახდეს.
კომპანიის ხედვით, საჭიროა მაღალი გადასახადები კორპორაციულ შემოსავალზე, AI-ით მიღებულ მოგებასა და კაპიტალის ნამატზე. გარდა ამისა, OpenAI განიხილავს „რობოტების გადასახადის“ იდეას, რომელიც თავდაპირველად ბილ გეითსმა 2017 წელს წამოაყენა. ეს გულისხმობს, რომ რობოტმა უნდა გადაიხადოს იმდენივე გადასახადი, რამდენსაც ის ადამიანი იხდიდა, რომელიც მან ჩაანაცვლა.
საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფონდი
დოკუმენტი მოიცავს წინადადებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფონდის (Public Wealth Fund) შექმნის შესახებ. ეს ფონდი მოქალაქეებს ავტომატურად მისცემს წილს AI კომპანიებსა და ინფრასტრუქტურაში, მაშინაც კი, თუ ისინი პირდაპირ არ არიან ჩართულნი საფონდო ბაზარზე. ნებისმიერი მიღებული მოგება პირდაპირ მოქალაქეებზე განაწილდება, რაც AI-ს მიერ გენერირებულ სიმდიდრეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
ცვლილებები შრომის ბაზარზე
OpenAI-ის რამდენიმე წინადადება ორიენტირებულია დასაქმებულთა უფლებებზე:
- ოთხდღიანი სამუშაო კვირა: სუბსიდირებული მოდელი, სადაც სამუშაო დღეების შემცირება არ გამოიწვევს ხელფასის კლებას.
- კორპორაციული პასუხისმგებლობა: კომპანიებმა უნდა გაზარდონ საპენსიო შენატანები, დაფარონ ჯანდაცვის ხარჯების დიდი ნაწილი და დაასუბსიდირონ ბავშვთა თუ მოხუცთა მოვლა.
- პორტატული შეღავათები: სპეციალური ანგარიშების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამსახურის შეცვლისას მიჰყვება.
აღსანიშნავია, რომ OpenAI ამ შეღავათებს უფრო მეტად კორპორაციულ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ვიდრე სამთავრობოდ. თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თუ ავტომატიზაცია ადამიანს სამსახურს დააკარგვინებს, მასთან ერთად შესაძლოა გაქრეს დამსაქმებლის მიერ სუბსიდირებული ჯანდაცვა და საპენსიო დანაზოგებიც.
უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა
OpenAI აღიარებს, რომ AI-ს რისკები სცილდება მხოლოდ სამუშაო ადგილების დაკარგვას. საფრთხეებს შორისაა სისტემების ბოროტად გამოყენება და კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობა. ამის თავიდან ასაცილებლად, კომპანია გვთავაზობს:
- საშიში AI სისტემების იზოლაციის გეგმებს;
- ახალი ზედამხედველობის ორგანოების შექმნას;
- მიზნობრივ დაცვას კიბერშეტევებისა და ბიოლოგიური საფრთხეებისგან.
ზრდის სტიმულირებისთვის OpenAI ითხოვს ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გაფართოებას და AI ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებას სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების მეშვეობით. კომპანიის აზრით, AI უნდა განიხილებოდეს როგორც კომუნალური მომსახურება (utility), რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ფირმისთვის.
ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა
OpenAI-ის ეს ჩარჩო ეხმიანება მის ისტორიულ ტრანსფორმაციას არაკომერციული ორგანიზაციიდან მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად. კომპანია პარალელსავლებს ინდუსტრიულ ეპოქასთან და „ახალ კურსთან“ (New Deal), რომელმაც თავის დროზე უზრუნველყო ეკონომიკური ზრდის გარდაქმნა ფართო შესაძლებლობებად.
„სუპერინტელექტზე გადასვლა მოითხოვს კიდევ უფრო ამბიციურ ინდუსტრიულ პოლიტიკას, რომელიც ასახავს დემოკრატიული საზოგადოებების უნარს, იმოქმედონ კოლექტიურად და მასშტაბურად საკუთარი ეკონომიკური მომავლის ფორმირებისთვის“, — აცხადებს OpenAI.
მსგავსი სტატიები

ირანი „Stargate“-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს დარტყმით ემუქრება
ირანი ამერიკულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის OpenAI-სა და Oracle-ის 500-მილიარდიან „Stargate“ პროექტს, სარაკეტო დარტყმებით ემუქრება.

Google-მა ხმოვანი კარნახის ახალი AI აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს
Google-მა წარადგინა Google AI Edge Eloquent — ხმოვანი კარნახის აპლიკაცია, რომელიც Gemma-ს მოდელებს იყენებს, ფილტრავს ზედმეტ სიტყვებს და მუშაობს ოფლაინ რეჟიმში.

იაპონიაში რობოტები სამუშაო ადგილებს კი არ ართმევენ ადამიანებს, არამედ იმ ვაკანსიებს ავსებენ, რომლებზეც მუშაობა არავის სურს
იაპონია ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის სექტორში ლიდერობას ცდილობს, რათა მწვავე დემოგრაფიული კრიზისი და მუშახელის დეფიციტი დაძლიოს.