ილონ მასკის კომპანია X, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მომსახურების პირობებს ანახლებს, რათა ხაზი გაუსვას, რომ კვლავ ფლობს „Twitter“-ის სავაჭრო ნიშანს. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ვირჯინიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა.

სტარტაპი, სახელწოდებით Operation Bluebird, ამტკიცებს, რომ X-მა „Twitter“-ის ბრენდზე უარი თქვა, როდესაც სოციალურ ქსელს სახელი შეუცვალა. 2 დეკემბერს აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების უწყებაში შეტანილ საჩივარში სტარტაპი ილონ მასკის 2023 წლის 23 ივლისის პოსტს იშველიებს, სადაც ის წერდა, რომ სოციალური ქსელი მალე „twitter-ის ბრენდს დაემშვიდობებოდა“.

ამ ბრალდებების საპასუხოდ, X-მა საკუთარი სარჩელი შეიტანა. დოკუმენტში, რომელიც TechCrunch-ს საინტელექტუალური საკუთრების იურიდიულმა ფირმა Gerben IP-მ მიაწოდა, X აცხადებს, რომ ის კვლავ რჩება Twitter-ისა და Tweet-ის სავაჭრო ნიშნების, ასევე ცნობილი ლურჯი ჩიტის ლოგოს ექსკლუზიურ მფლობელად.

სარჩელის შეტანის პარალელურად, Operation Bluebird-მა ვებგვერდზე Twitter.new საკუთარი სოციალური ქსელისთვის პოტენციური მომხმარებლების რეგისტრაცია დაიწყო. პროექტს ორი იურისტი ხელმძღვანელობს: დამფუძნებელი მაიკლ პეროფი ილინოისიდან და სტივენ კოუტსი, რომელიც წარსულში სწორედ Twitter-ში მუშაობდა სავაჭრო ნიშნების იურისტად.

მათი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ მათი რეალური მიზანი X-ისთვის კონკურენციის გაწევაა. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი თავად სავაჭრო ნიშნის მოპოვებას ცდილობენ, რომელსაც დამოუკიდებელი ღირებულება გააჩნია. მიუხედავად ამისა, X-ი რისკზე არ მიდის და შესაბამის ზომებს იღებს.

კომპანიის განახლებული მომსახურების პირობები, რომელიც ძალაში 2026 წლის 15 იანვრიდან შევა, პირდაპირ აცხადებს: „პირობებში არაფერი გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ X-ის ან Twitter-ის სახელი, ან X-ის ან Twitter-ის რომელიმე სავაჭრო ნიშანი, ლოგო, დომენი და სხვა განმასხვავებელი ნიშნები ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე“.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის წინა ვერსიაში ამავე სექციაში მხოლოდ X იყო ნახსენები და Twitter-ზე საუბარი არ იყო. ამასთან, განახლებულ პირობებში შევიდა სხვა მცირე ცვლილებებიც, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობასა და გენერირებულ კონტენტს ეხება. ასევე, კონფიდენციალურობის პოლიტიკას დაემატა მითითებები ასაკის დამადასტურებელ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.