კიდევ ორი მედიაორგანიზაცია უჩივის OpenAI-სა და Microsoft-ს მათი ჟურნალისტური მასალების ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად (ტრენინგისთვის) სავარაუდო გამოყენების გამო. The Seattle Times-ისა და Newsday-ის მიერ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქის დადგომასთან ერთად, ჟურნალისტიკის ინდუსტრია შესაძლოა „გამოუსწორებლად დაზიანდეს“.

სარჩელში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დახასიათებულია, როგორც „გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს“. დოკუმენტის თანახმად, ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა გაანადგუროს სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან იმ კონტენტს, რაზეც AI იწვრთნება.

„AI პროდუქტები, როგორიცაა ChatGPT და CoPilot, რეკლამირებულია როგორც კონტენტის შემქმნელები, თუმცა სინამდვილეში ისინი გაუმაძღარი მომხმარებლები არიან. ისინი შთანთქავენ ადამიანების მიერ შექმნილ მასალებს და სამყაროს უბრუნებენ იმავე ორიგინალური კონტენტის ასლებსა და წარმოებულ იმიტაციებს საკუთარი კომერციული მიზნების მისაღწევად“, — აღნიშნულია სარჩელში.

2023 წელს The New York Times-მა უკვე უჩივლა OpenAI-სა და მის პარტნიორსა და ინვესტორს, Microsoft-ს, საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ეს საქმე გაგრძელდა, სხვა გამოცემებმაც მიბაძეს ამ მაგალითს. The Seattle Times-ის სარჩელი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გამო, რომ Microsoft-სა და OpenAI-ს ამ ორგანიზაციის ზოგიერთი ჟურნალისტური პროექტი და სტიპენდია აქვთ დაფინანსებული.

Microsoft-ის წარმომადგენელმა გამოცემა GeekWire-ს განუცხადა, რომ კომპანია „გაკვირვებულია სარჩელით“, თუმცა „ყოველთვის მზადაა დაჯდეს და განიხილოს გადაწყვეტილებები მსგავსი ტიპის დავების მოსაგვარებლად“.