SpaceX-ი აქციების „მნიშვნელოვან“ ემისიას აანონსებს: იგეგმება თუ არა Tesla-სთან შერწყმა?
SpaceX ინვესტორებს აქციების შესაძლო ემისიის შესახებ აფრთხილებს, რაც ილონ მასკის მიერ SpaceX-ისა და Tesla-ს სავარაუდო შერწყმის შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

SpaceX-ი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ მომავალი IPO-ს (აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება) შემდეგ, შესაძლოა, „სამომავლო ტრანზაქციების“ ფარგლებში „მნიშვნელოვანი რაოდენობის აქციები“ გასცეს. აღნიშნული ფორმულირება კომპანიის დოკუმენტაციაში იმ ფონზე გაჩნდა, როდესაც ინდუსტრიაში აქტიურად განიხილება ილონ მასკის შესაძლო გეგმა — გააერთიანოს თავისი კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანია Tesla-სთან.
ეს ახალი ჩანაწერი SpaceX-ის IPO-ს განაცხადის პირველ ოფიციალურ შესწორებაში, რისკ-ფაქტორების განყოფილებაშია მოცემული. კომპანიამ აღნიშნული წინადადება იმ აბზაცის ბოლოს დაამატა, რომელიც შერწყმისა და შესყიდვების (M&A) პროცესებთან დაკავშირებულ რისკებს ეხება: „ჩვენ შესაძლოა გამოვუშვათ მნიშვნელოვანი რაოდენობის კაპიტალი სამომავლო ტრანზაქციებთან დაკავშირებით“.
SpaceX ბოლო პერიოდში აქტიურად ახორციელებს შესყიდვებს. გასულ წელს კომპანიამ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI შეიძინა, ახლახან კი Cursor-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც IPO-ს შემდეგ სტარტაპის 60 მილიარდ დოლარად (აქციებით) გამოსყიდვის ოფციონს ითვალისწინებს. სავარაუდოა, რომ Nasdaq-ის ბირჟაზე გასვლის შემდეგ SpaceX 75 მილიარდ დოლარს მოიზიდავს, საიდანაც 20 მილიარდი xAI-სა და X-ის (ყოფილი Twitter) ვალების დასაფარად იქნება მიმართული.
ექსპერტების აზრით, ეს გაფრთხილება ინვესტორების მოსამზადებლად არის გამიზნული ისეთი მასშტაბური მოვლენისთვის, როგორიც აქციების მნიშვნელოვანი დილუციაა (წილის შემცირება), რაც შეიძლება Tesla-სთან გაერთიანებას მოჰყვეს. მასკი წლებია საუბრობს თავისი კომპანიების შესაძლო შერწყმაზე, SpaceX-ის IPO კი ამ დისკუსიას კიდევ უფრო ამძაფრებს.
სამართლებრივი ბარიერები და მართვის სადავეები
ასეთი მასშტაბის შერწყმა უამრავ სამართლებრივ და რეგულატორულ გამოწვევას წააწყდება და სავარაუდოდ, Tesla-ს აქციონერთა კენჭისყრასაც საჭიროებს. თუმცა, IPO-ს დოკუმენტები ცხადყოფს, რომ SpaceX-ში მასკს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ის ერთადერთი პირია, ვისაც შეუძლია შერწყმის პროცესს მხარი დაუჭიროს ან დაბლოკოს.
აღსანიშნავია, რომ მასკის ხმის მიცემის უფლება SpaceX-ში საფრთხის ქვეშ არ დადგება აქციების მასშტაბური ემისიის შემთხვევაშიც კი. კომპანიას IPO-სთვის აქციების სამი ძირითადი კლასი აქვს მომზადებული:
- A კლასის აქციები: გაიყიდება საჯაროდ და თითოეულ აქციას ექნება ერთი ხმის უფლება.
- B კლასის აქციები: ექსკლუზიურად ილონ მასკის საკუთრებაა და თითოეულ აქციას 10 ხმის უფლება აქვს.
- C კლასის აქციები: საერთოდ არ გააჩნია ხმის უფლება. ამჟამად ისინი მენეჯმენტის კომპენსაციისთვის გამოიყენება, თუმცა მასკს შეუძლია მათი გამოყენება სხვა კომპანიების შესაძენად საკუთარი გავლენის შემცირების გარეშე.
გარდა ამისა, SpaceX-ს რეზერვში აქვს D კლასის აქციებიც, რომლებსაც შემცირებული ეკონომიკური უფლებები გააჩნია. კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, ექნება თუ არა ამ კლასის აქციებს ხმის მიცემის უფლება.
მსგავსი სტატიები

SpaceX-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ავტონომიური სატვირთო მატარებლების შესაქმნელად 100 მილიონი დოლარი მოიზიდეს
SpaceX-ის ყოფილმა ინჟინრებმა 100 მილიონი დოლარი მოიზიდეს ავტონომიური, ელექტრო სატვირთო ვაგონების შესაქმნელად, რომლებიც რკინიგზას მოკლე დისტანციებზე კონკურენტუნარიანობას დაუბრუნებს.

Flai-ს ხელოვნური ინტელექტი ავტოდილერებისთვის თვეში 50 000 შეხვედრას ჯავშნის
სტარტაპი Flai, რომელიც ავტოდილერებისთვის ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, თვეში 50 000 შეხვედრას ჯავშნის და შემოსავლების 20-ჯერადი ზრდის შემდეგ 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

Uber-ი ქეითერინგის ბაზარზე შედის: კომპანია ezCater-ს 2,3 მილიარდ დოლარად ყიდულობს
Uber-ი 2,3 მილიარდ დოლარად ყიდულობს ქეითერინგის პლატფორმა ezCater-ს, რაც კომპანიის სტრატეგიის ნაწილია საკვების მიწოდების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად.