Tesla-მ ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მომხმარებლებისთვის Cybercab-ის მიყიდვას დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ფედერალური მარეგულირებლები იკვლევენ, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ავტომობილი სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტებს. ოქროსფერი, ავტონომიური ორადგილიანი მანქანა სრულად მოკლებულია საჭესა და მართვის სხვა ტრადიციულ საშუალებებს.

კომპანიის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას, Tesla-ს საინჟინრო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ლარს მორავიმ აღნიშნა, რომ ამჟამად წარმოებული Cybercab-ები კომპანიის საკუთარი რობოტაქსების ფლოტისთვისაა განკუთვნილი. ფლოტის ზრდასთან ერთად, კომპანია ეტაპობრივად დაიწყებს სრულად ავტონომიური მანქანების მიწოდებას მომხმარებლებისთვის, თუმცა ეს პროცესი მცირე მასშტაბებით დაიწყება.

მორავის განმარტებით, კომპანია მასშტაბებს მას შემდეგ გაზრდის, რაც უკეთ შეისწავლის ავტონომიური მანქანების მიწოდების, მფლობელობისა და ფლოტის მართვის საკითხებს. Tesla-მ ავტონომიური მანქანების მესამე პირებზე გაყიდვის იდეა პირველად გასულ თვეში, ოსტინში გამართულ Cybercab-ის პრეზენტაციაზე გააჟღერა და რობოტაქსების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმაც კი გამოაქვეყნა.

აქამდე გაურკვეველი იყო, განახორციელებდა თუ არა Tesla ამ გეგმას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, წლების განმავლობაში საუბრობდა დაბალბიუჯეტიანი რობოტაქსების მასშტაბური ფლოტის შექმნაზე, თუმცა მანამდე ეს გეგმები კერძო მფლობელობაში არსებული Tesla-ს მანქანების პროგრამული განახლებით თვითმართვად ტაქსებად ქცევას გულისხმობდა. ეს ჩანაფიქრი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, ხოლო მასკის ბოლო კომენტარები მისი ხედვის ცვლილებაზე მიუთითებს.

თუ ორივე დათქმული ვადები შენარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ მესამე მხარის ფლოტის მფლობელები შეძლებენ შეიძინონ ავტონომიური Cybercab და გამოიყენონ იგი რობოტაქსის სერვისისთვის მანამ, სანამ Tesla-ს სხვა მოდელების მფლობელები საკუთარ მანქანებში მსგავს ავტონომიურ ფუნქციონალზე წვდომას მიიღებდნენ.

მასკის განცხადებით, Cybercab განკუთვნილია მგზავრობის სერვისისთვის და არა პირადი მფლობელობისთვის.

„Cybercab ძირითადად შეთავაზებული იქნება როგორც ტრანსპორტირება, როგორც სერვისი (transport as a service), მაშინ როცა ჩვენი სხვა მოდელები, როგორიცაა Model 3, Model Y და Roadster, იქნება მანქანები, რომელთა ფლობაც მომხმარებლებს მოუნდებათ. თუმცა, Cybercab-ების აბსოლუტური უმრავლესობა Tesla-ს საკუთრებაში იქნება და სერვისის სახით იფუნქციონირებს“
- განაცხადა მასკმა ოთხშაბათს.

არსებობს მინიმუმ ერთი დაბრკოლება, რომელმაც შესაძლოა Tesla-ს გეგმები შეაფერხოს. გზატკეცილების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) გასულ თვეში გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება Cybercab-თან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ავტომობილებმა ოსტინის საჯარო გზებზე გადაადგილება დაიწყეს.

ავტომობილების უსაფრთხოების ფედერალური სტანდარტები (FMVSS) მოითხოვს მექანიკურ მართვის საშუალებებს, როგორიცაა მუხრუჭის პედლები, ასევე უკანა ხედვისა და გვერდითა სარკეები. ავტომწარმოებლები, როგორც წესი, თავად ახდენენ სერტიფიცირებას, შეესაბამება თუ არა მათი მანქანები FMVSS-ის წესებს და Tesla-მაც იგივე გზა აირჩია.

ამჟამინდელი რეგულაციები არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებებს მექანიკური მართვის საშუალებების გარეშე, თუმცა ტრანსპორტის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა წინადადება ამ მოთხოვნების გაუქმების შესახებ სპეციალურად ავტონომიური მართვისთვის შექმნილი მანქანებისთვის. მანამდე კი, NHTSA აცხადებს, რომ შეისწავლის პროცესს და ტექნიკურ მონაცემებს, რომლებსაც Tesla დაეყრდნო Cybercab-ის სერტიფიცირებისას. ამ გამოძიების შედეგმა შესაძლოა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა Tesla ან სხვა რომელიმე მხარე Cybercab-ის ლეგალურად ექსპლუატაციას.