მომხმარებელთა უმეტესობა Uber-ს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და საკვების მიწოდების კომპანიად აღიქვამს. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დარა ხოსროშაჰის ხედვით, Uber რეალურად კოდების გიგანტური ბაზაა, ხოლო მისი ინჟინრები — „კომპანიის ნამდვილი მშენებლები“.

Uber-ის ინჟინრებმა იმდენად შორს შეტოპეს, რომ ხოსროშაჰის ჩატბოტიც კი შექმნეს. ამ ხელოვნურ ინტელექტს ისინი კითხვებს უსვამენ და მასთან ერთად გადიან რეპეტიციას ხელმძღვანელობასთან დაგეგმილ შეხვედრებამდე. ეს ინფორმაცია თავად ხოსროშაჰიმ სტივენ ბარტლეტის პოდკასტში, The Diary of a CEO, გააჟღერა.

„ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა Dara AI შექმნა. ისინი პრეზენტაციებს ჯერ ამ ხელოვნურ ინტელექტს წარუდგენენ, რათა ჩემთან შეხვედრისთვის უკეთ მოემზადონ“, — აღნიშნა ხოსროშაჰიმ პოდკასტში. მისი თქმით, სანამ საკითხი უშუალოდ მასთან მივა, პრეზენტაციები და სლაიდები უკვე იდეალურად არის დამუშავებული, Dara AI კი მათ ამ მომზადების პროცესის დახვეწაში ეხმარება. აღნიშნული დეტალის შესახებ მანამდე Business Insider-იც იტყობინებოდა.

ხოსროშაჰის განცხადებით, Uber-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების დაახლოებით 90% მუშაობისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მათგან 30% კი AI ინსტრუმენტების „აქტიური მომხმარებელია“ (power users), რომლებიც კომპანიის არქიტექტურას სრულიად ახლებურად აყალიბებენ.

„ისინი თავად ქმნიან იმ აგურებს, რომლებისგანაც სისტემა შენდება და არქიტექტორებივით ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა“, — განაცხადა მან.

ხოსროშაჰმა ასევე დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობას ისეთი ტემპით ცვლის, როგორიც მას მანამდე არასდროს უნახავს.