Ford-ის ხელმძღვანელობამ 350 ვეტერანი ინჟინერი დაიქირავა — ზოგიერთი მათგანი კომპანიის ყოფილი თანამშრომელია, ნაწილი კი მომწოდებელ კომპანიებში მუშაობდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა და ავტომატიზებულმა სისტემებმა ხარისხის სასურველი დონის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, კუმარ გალჰოტრამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Ford სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა ხარისხის კონტროლის ავტომატიზებულ სისტემებს, თუმცა შედეგები იმედგაცრუებული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ კვლავ მიმართა ტექნიკურ სპეციალისტებს, რომლებიც ხარვეზებს მანამ ეძებენ, სანამ დეტალი უშუალოდ ქარხნის საამქროში მოხვდება.ავტომობილების აპარატურული უზრუნველყოფის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩარლზ პუნმა დაამატა, რომ კომპანიას შეცდომით ეგონა, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და მასში არსებული საპროექტო მოთხოვნების ინტეგრირება საკმარისი იქნებოდა მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს Ford-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის გეგმებზე სრულად უარის თქმას. პირიქით, კომპანია დაბრუნებულ თანამშრომლებს, რომლებსაც ხშირად „ვერცხლისწვერა“ (gray beard) ინჟინრებს უწოდებენ, ახალგაზრდა კადრების მოსამზადებლად და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გადასაპროგრამებლად იყენებს.გამოცდილი კადრების დაბრუნების სტრატეგია უკვე იძლევა შედეგებს. Ford-ის პროგნოზით, ეს ნაბიჯი მიმდინარე წელს ხარჯების 1 მილიარდი დოლარით შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამ კვირაში გამოქვეყნებულ JD Power-ის ხარისხის საწყის კვლევაში (Initial Quality Survey) ავტომწარმოებელმა მეინსტრიმ ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.