700Credit-ის მასშტაბური კიბერშეტევა: 5.6 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები მოიპარეს
კომპანია 700Credit-ზე კიბერშეტევის შედეგად, სულ მცირე 5.6 მილიონი ადამიანის პერსონალური მონაცემები, მათ შორის სოციალური დაცვის ნომრები, მოიპარეს.

საკრედიტო შემოწმების გიგანტურ კომპანია 700Credit-ზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, სულ მცირე 5.6 მილიონი ადამიანის პერსონალური მონაცემები მოიპარეს. კომპანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ავტოდილერებს საკრედიტო ისტორიისა და იდენტობის ვერიფიკაციის სერვისებს აწვდის, სერიოზული მონაცემთა გაჟონვის წინაშე აღმოჩნდა. მოპარული ინფორმაცია მოიცავს სახელებს, მისამართებს, დაბადების თარიღებსა და სოციალური დაცვის ნომრებს.
მიჩიგანში დაფუძნებულმა კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოქტომბერში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაუდგენელ ბოროტმოქმედს დააკისრა. მიჩიგანის შტატის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ჰაკერმა მოიპოვა ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც დილერებისგან 2025 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეგროვდა.
კომპანიის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს წერილების გაგზავნა იმ პირებისთვის, ვისი ინფორმაციაც კიბერშეტევის შედეგად დაზარალდა. დაზარალებულებს კომპანია საკრედიტო მონიტორინგის სერვისებს სთავაზობს, რათა მათ საკუთარი მონაცემების უსაფრთხოება დაიცვან. ოფიციალური პირები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
„თუ 700Credit-ისგან წერილს მიიღებთ, არ დააიგნოროთ“, — განაცხადა მიჩიგანის გენერალურმა პროკურორმა დანა ნესელმა. „მნიშვნელოვანია, რომ ამ მონაცემთა გაჟონვის შედეგად დაზარალებულმა თითოეულმა ადამიანმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ზომები საკუთარი ინფორმაციის დასაცავად. საკრედიტო ანგარიშის გაყინვას ან მონიტორინგის სერვისებს თაღლითობის პრევენციაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია და მე მიჩიგანელებს მოვუწოდებ, გამოიყენონ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები საკუთარი იდენტობის უსაფრთხოებისთვის.“
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.