Skip to main content
ტრანსპორტი10.11.20252 ნახვა

ტექნოლოგიური გიგანტი Grab გერმანულ სტარტაპ Vay-ში $410 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს

გერმანული სტარტაპი Vay, რომელიც დისტანციურად მართვად მანქანებს ქირაობით სთავაზობს, სინგაპურული Grab-ისგან $410 მილიონამდე ინვესტიციას მიიღებს.

ტექნოლოგიური გიგანტი Grab გერმანულ სტარტაპ Vay-ში $410 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს

სინგაპურული ტექნოლოგიური კომპანია Grab, გერმანულ სტარტაპ Vay-ში, რომელიც დისტანციურად მართვადი მანქანების გაქირავების სერვისზე მუშაობს, მასშტაბურ ინვესტიციას განახორციელებს. ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, Grab-ი Vay-ს პირველ ეტაპზე 60 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.

გარიგება, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. Vay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ფონ დერ ოჰემ, LinkedIn-ზე დაწერა, რომ „პირველი წლის განმავლობაში ერთობლივი მიზნების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით 350 მილიონი დოლარის“ ინვესტიცია განხორციელდეს.

ბერლინში დაფუძნებული სტარტაპი იყენებს საკუთარ ტექნოლოგიასა და ადამიან-ოპერატორებს, რათა გასაქირავებელი მანქანები დისტანციურად მიიყვანოს მომხმარებელთან და შემდეგ წაიყვანოს. Vay-ს სერვისი გერმანიაში ჯერ კომერციულად არ გაუშვია, სადაც ცოტა ხნის წინ მარეგულირებელი ბარიერები არსებობდა, თუმცა კომპანია 2024 წლის იანვრიდან წარმატებით ოპერირებს ლას-ვეგასში.

Vay გეგმავს Grab-ის ინვესტიცია აშშ-ში ოპერაციების გასაფართოებლად გამოიყენოს. დამატებითი დაფინანსების მისაღებად, Vay-მ აშშ-ში კონკრეტულ მიზნებს უნდა მიაღწიოს, მათ შორის მოიცვას ქალაქების განსაზღვრული რაოდენობა, მიიღოს მარეგულირებელი ლიცენზიები და გაზარდოს სამომხმარებლო შემოსავალი.

აშშ-ში დისტანციური მართვის ტექნოლოგიების ბაზარზე კონკურენცია მზარდია. მაგალითად, Alphabet-ის მფლობელობაში მყოფმა Waymo-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ თავის რობოტაქსის სერვისს დეტროიტში, ლას-ვეგასსა და სან-დიეგოში გააფართოებს. მიუხედავად იმისა, რომ Grab-ი Nasdaq-ზე ივაჭრება, ის აშშ-ში არ ოპერირებს და მისი როლი Vay-ს ზრდის მხარდაჭერით შემოიფარგლება.

Vay-ს შეფასებით, მათი სერვისი რობოტაქსის პირდაპირი კონკურენტი არ არის და მას ავსებს. Grab-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი ტანის თქმით, Vay ემსახურება „მომხმარებელთა მზარდ სეგმენტს, რომლებსაც საკუთარი მანქანის ყოლა არ სურთ“. Vay-ს მომხმარებლებს მართვის მოწმობა სჭირდებათ, რადგან მანქანის დისტანციურად მიღების შემდეგ, მას თავად მართავენ, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილს, თუმცა პარკირებაზე ზრუნვა აღარ უწევთ.

კომპანიის განცხადებით, მათი ჰიბრიდული მიდგომისა და ნაკლები ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, სერვისის ღირებულება, ride-hailing სერვისებთან შედარებით, დაახლოებით განახევრებულია. ამავდროულად, კომპანიები გეგმავენ Vay-სა და Grab-ის ბიზნესებს შორის სინერგიის შესაძლებლობების შესწავლას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

Grab-ი, რომელიც საკუთარ თავს „ყოველდღიურ ყველაფრის აპლიკაციას“ უწოდებს, მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის, საკვებისა და სასურსათო პროდუქტების მიტანის, ციფრული გადახდებისა და ფინანსურ სერვისებს. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებში და უკვე დააფინანსა ამერიკული May Mobility და ჩინური WeRide.

Vay-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი შესაძლოა ტექნოლოგიური იყოს. მაგალითად, Vay-ს მიერ შეგროვებული მართვის მონაცემები დააჩქარებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგს, რაც ავტონომიური მართვის სისტემებს გააუმჯობესებს. ეს Vay-ს გრძელვადიან ხედვასაც შეესაბამება, რომელიც ელექტრომობილების გაქირავების ფლოტის მიღმა გადის. კომპანიამ უკვე დაიწყო B2B სერვისების შეთავაზება და პარტნიორობა დაამყარა თვითმართვადი სატვირთოების კომპანია Kodiak Robotics-თან.

ფონ დერ ოჰეს თქმით, კომპანიის საბოლოო მიზანი „გლობალური დისტანციური მართვის პლატფორმის“ შექმნაა. Crunchbase-ის მონაცემებით, Vay-ს აქამდე მოზიდული აქვს 131.8 მილიონი დოლარი ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან Kinnevik, Coatue, Eurazeo, Atomico და ევროპის საინვესტიციო ბანკი. Grab-ის სრული ინვესტიცია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, თუმცა კონკურენცია მძაფრდება, რასაც Nvidia-ს მიერ ბრიტანულ სტარტაპ Wayve-ში 500 მილიონი დოლარის ინვესტირების გეგმაც ადასტურებს.

მსგავსი სტატიები

Redwood Materials-მა თანამშრომლების 10% დაითხოვა: კომპანია რესტრუქტურიზაციას ენერგიის შენახვის ბიზნესის გასაძლიერებლად იწყებს
ტრანსპორტი

Redwood Materials-მა თანამშრომლების 10% დაითხოვა: კომპანია რესტრუქტურიზაციას ენერგიის შენახვის ბიზნესის გასაძლიერებლად იწყებს

Redwood Materials-მა რესტრუქტურიზაციის ფარგლებში თანამშრომლების 10% დაითხოვა. კომპანია ენერგიის შენახვის ბიზნესის გაძლიერებასა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდას გეგმავს.

22.4.2026
Amazon-ი Einride-ის ელექტრო სატვირთოებს საკუთარ ლოგისტიკურ ქსელში ნერგავს
ტრანსპორტი

Amazon-ი Einride-ის ელექტრო სატვირთოებს საკუთარ ლოგისტიკურ ქსელში ნერგავს

Amazon-ი თავის Relay სატვირთო ქსელს Einride-ის 75 ელექტრო სატვირთოს ამატებს, რაც კომპანიის 2040 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

21.4.2026
Rivian-ის ქარხანა ტორნადომ დააზიანა: როგორ იმოქმედებს სტიქია ახალი R2 მოდელის გამოშვებაზე?
ტრანსპორტი

Rivian-ის ქარხანა ტორნადომ დააზიანა: როგორ იმოქმედებს სტიქია ახალი R2 მოდელის გამოშვებაზე?

Rivian-ის ქარხანას ილინოისის შტატში ტორნადომ დაარტყა, რამაც R2 SUV-ის საწარმოო შენობა დააზიანა. კომპანია მუშაობის განახლებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

20.4.2026